სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

საქართველოში სიგარეტი 5-20 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. საფასო ცვლილება ადვალურ გადასახადს უკავშირდება, რაც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის გადასახადი და სარეალიზაციო ფასის დაბეგვრა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს. ამასთან, კერძო ბიზნესისთვის აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ მძიმე ტვირთი იქნება. თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის "ჯეი თი აი კავკასუსის" წარმომადგენელი ივანე ხასია "ექსპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას კომპანიების რეკომენდაცია იყო, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 6 თვით გადავადებულიყო და აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ არ მომხდარიყო. მისი თქმით, ახალი მოდელი საერთაშორისოდ აპრობირებული არაა და მსგავსი გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს. ივანე ხასია აცხადებს, რომ თამბაქო გაძვირდება, თუმცა როდიდან და რამდენით, იგი ამას ჯერ ვერ აკონკრეტებს. ხასია ამბობს, რომ ტენდენციების გამოკვეთისა და შეფასებების გაკეთებისთვის გადასახადის ამოქმედებიდან 3-თვიანი ვადა მაინც არის საჭირო. თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაძვირებით და ახალი რეგულაციების შემოღებით, კომპანიებში კვლავაც შიშობენ, რომ კონტრაბანდა წახალისდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთში სიგარეტის ღირებულებას შორის უკვე არის საკმაოდ მკვეთრი სხვაობა.

"უნდა გავითვალისწინოთ ის სურათი, რაც რეგიონშია. დღესაც და გასული წლის განმავლობაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა იყო სიგარეტის ღირებულებას შორის, დაახლოებით 30 ცენტამდე და იანვარში გაზრდილი აქციზის შედეგად ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1 ივლისიდან ფასთა სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნება და შესაძლოა 40 ცენტიც იყოს. დიდია იმის რისკი, რომ უკვე არალეგალური გზებით მოხდეს საქართველოს ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის შემოდინება. ეს ძალიან ცუდად აისახება კანონიერ ბიზნესზე, ჩვენზე, რომელსაც კანონიერად შემოგვაქვს პრდუქცია, რადგან აღარ გაგვეყიდება. ასევე დაზარალდება სახელმწიფო, რადგან გადასახადები, რაც უნდა შესულიყო ბიუჯეტში კანონიერი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, აღარ შევა", - განმარტავს ივანე ხასია.

2006 წლიდან მოყოლებული, 2010 წლამდე საქართველოში თამბაქოს ფასი არ შეცვლილა. ხოლო ბოლო 5 წელიწადში მისი ღირებულება 50-60%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სიგარეტის გაძვირებას მოხმარების შემცირება არ გამოუწვევია.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსში" განმარტავენ, რომ გადასახადის ზრდა ფისკალური ეფექტისთვის გათვლილი ღონისძიებაა და რეალიზაციაზე გავლენას არ ახდენს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავლების მაჩვენებელი 2015 წელს 808 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 9,3%-ით (69 მილიონი ლარით) აღემატება. აქციზის გადასახადიდან 2013 წლის მიღებულ ფაქტობრივ მაჩვენებელს 2015 წელს დაგეგმილი 11.9%-ით (85,8 მილიონი ლარით) აღემატება, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,7%-ის ნიშნულზე ავიდა. 2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, მთავრობა აქციზის გადასახადის სახით, 148,4 მილიონი ლარით მეტი შემოსავლის მიღებას გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას. "უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში საქართველოში აქამდე მოქმედი დაბეგვრის სისტემა და საგადასახადო ტვირთის გადანაწილება დისპროპორციულია", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. მაგალითად, აქციზის ტვირთი იაფასიან სიგარეტებზე დაახლოებით, 53,6 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ძვირადღირებულ ბრენდებზე, მაგალითად, "მალბოროზე", დაახლოებით, 27,8 პროცენტია, "პარლამენტი" - 18,7 პროცენტი. "ადგილობრივ წარმოებას არავითარი პრეფერენცია არ გააჩნია, პირიქით, არათანაბარ საგადასახადო ტვირთის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების კონკურენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენება მართლზომიერია", - აღნიშნავენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან აქციზის გადასახადის ე.წ. შერეული სისტემის დანერგვა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ონოფრიშვილის აზრით, თამბაქოზე დაწესებული ახალი გადასახადი სიგარეტზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს. ამასთან, ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ადვალური გადასახადი უფრო სამართლიანი გადასახადია, ვიდრე მანამდე იყო. მისივე განმარტებით, აღნიშნული სხვაობის გადასახადის შემოღებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2013 წლიდან ითხოვდა. "პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ გადასახადის შემოღებას ითხოვდა 2013 წლიდან, რადგან თამბაქოს საგადასახადო ტვირთი ბევრად მაღალი იყო იმპორტირებულ სიგარეტზე, თანაც ცნობილ ბრენდებზე, ანუ ადგილობრივი მწარმოებლები არ იყვნენ თანაბარ პირობებში. აქედან გამომდინარე, ეს უფრო სამართლიანი გადასახადია, ვიდრე მანამდე იყო. ალბათ ყველამ იცის ისიც, რომ საქართველოში თამბაქოზე ფასები 7-8-ჯერ დაბალია ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, განსაკუთრებით კი ხარისხიან სიგარეტზე. თანაც, რაც უფრო ნაკლებს მოწევს მოსახლეობა, მით უკეთესია, თუმცა ამ ცვლილებამ არამგონია სიგარეტის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ თამბაქოს ფასის ეტაპობრივი ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, სიგარეტის გაძვირების პარალელურად, ქვეყანას მკაცრი ღონისძიებების გატარებაც მოუწევს, რადგან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა. "თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. გადასახადის გაძვირება იმდენად მიზერულია, რომ რეალიზაციაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. საფასო ცვლილება რამდენჯერაც გატარდა, არასდროს გაყიდვაზე არ ასახულა. თამბაქო არის ლეგალური ნარკოტიკი და მის მიმართ პოლიტიკა გაცილებით მკაცრი უნდა იყოს. თუმცა, გადასახადის გაზრდაც სწორი გადაწყვეტილებაა და მან უნდა შეუწყოს ხელი, რომ თამბაქო ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მიუწვდომელი გახდეს", - აღნიშნავს ბახტურიძე და დასძენს, რომ ფასი უნდა იყოს ისეთი, რომ მოსახლეობას ჯანსაღი არჩევანის შესაძლებლობა გაუადვილოს და კიდევ უფრო გაღარიბებისგან დაიცვას.

"შემთხვევითი არ არის, რომ გაერომ თამბაქო ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. დანახარჯი დიდია როგორც ფიზიკურ, ასევე სახელმწიფოს დონეზე. ამიტომ ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა, მკაცრი ზომები გაატაროს და მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვას",- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"