საბერძნეთის დახმარების  ფონდში ინტერნეტით უკვე 1,3 მილიონი ევრო შეგროვდა

საბერძნეთის დასახმარებლად გახსნილ ე.წ. სახალხო ფონდში შეწირულობები ელვის სისწრაფით იზრდება.

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, საბერძნეთის დასახმარებელი კამპანია ხუთი დღის წინ დაიწყო ინტერნეტით და დღეისთვის კამპანიის ფარგლებში უკვე 1,3 მილიონი ევროა შეგროვებული. კამპანიის მიზანი საბერძნეთის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული დავალიანების - 1,6 მილიარდი ევროს შეგროვებაა.  ”ბლუმბერგის” ცნობით, კამპანიაში მსოფლიოს 167 ქვეყანაა. თუმცა, ამ დროისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა საბერძნეთის დასახმარებლად დიდი ბრიტანეთიდან გაიღეს, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი მოსდევს. ფონდში საათში საშუალოდ 23 ათასი ევრო ირიცხება.

კამპანია ინგლისელმა ტომ ფინიმ წამოიწყო, რომელმაც საერთაშორისო შემოწირულობის საიტ Indiegogo-ზე ანგარიში გახსნა საბერძნეთის დასახმარებლად, სახელწოდებით: "დახმარება მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი საბერძნეთისთვის"

საერთაშორისო აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ALCO-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის 44,8% 5 ივლისს გასამართ რეფერენდუმზე აპირებს მხარი დაუჭიროს საგარეო ფინანსურ დახმარებას, გამოკითხვაში მონაწილეთა 43,4% კი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლების მოწოდებას, უარი თქვან საერთაშორისო კრედიტორების შეთავაზებაზე. 11,8%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კვირის რეფერენდუმში.

ბერძნული გაზეთის Ethnos-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე ბერძნების 74%-ს საბერძნეთის ევროზონაში დარჩენა სურს, ხოლო 15% მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეროვნული ვალუტის შემოღება, 11%-ს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიუღია.

bpn