"2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის მაჩვენებელი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა"

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის მაჩვენებელი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაჭარბება 252 მილიონ ლარს შეადგენს, ნომინალში კი მთელმა თანხამ 4 მილიარდ 787 მილიონი ლარი შეადგინა.

"გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი 5,9%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი შესრულების მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. საგადასახადო შემოსულობების ნაწილში სახელმწიფოს ბიუჯეტი ასევე შესრულებულია გადაჭარბებით, 76,9 მილიონი ლარით. გადაჭარბება შეადგენს დაახლოებით 2%-ს ექვსი თვის გეგმასთან მიმართებაში, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში ეს 47%-ია, ხოლო იმ გეგმასთან მიმართებაში, რომელიც ინიცირებულია უკვე პარლანეტში ცვლილებების სახით - 48,4%. ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ექვსი თვის მდგომარეობის", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მისი თქმით, იგი 96%-ით არის შესრულებული გეგმის მიმართ და წლიური მაჩვენებლის 46%-მდე არის, წინა სამ წელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.