ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი იყო

"რატომ არის ეს მოსახლოების გაღატაკების ბიუჯეტი?!"

უკვე გადაწყდა, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს. მთავრობის წევრების თქმით, გასული წლის დეკემბერში, როცა ბიუჯეტი დამტკიცდა, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო. ამიტომ, ბიუჯეტის გადახედვაზე მსჯელობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

განსაკუთრებული სიმწვავით აფასებენ ბიუჯეტის შემცირების საკითხს ოპონენტები: "2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების გაღატაკების ბიუჯეტია," - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა მედიასთან საუბრისას. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი დღევანდელი ხელისუფლების უუნარობის გამოხატულებაა: "ბიუჯეტის სეკვესტრი - ეს სიტყვა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ, მაგრამ 6 თვის თავზე ქვეყნის ბიუჯეტი კორექტირებას განიცდის... 6 თვის წინ დამტკიცდა ბიუჯეტი, რომელიც არასწორად იყო დაგეგმილი, რადგან არცერთი გათვლა სწორი არ იყო",- აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძეც: "ეს არ არის სეკვესტრი თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ამ მხრივ ჩვენს ბიუჯეტს პრობლემები არა აქვს",- თქვა მან bpn.ge-სთან საუბრისას.

პაატა კვიჟინაძე : "ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდის: ჯერ გაიმართა საფუძვლიანი განხილვა, თუ რა მდგომარეობაა სამინისტროებში, შემდეგ კი, მათ ჩამოეჭრათ თანხები, რომელსაც ისედაც ვერ ითვისებდნენ. ზოგს ორი მილიონი ჩამოაკლდა, ზოგს- ხუთი და ა.შ... მაგალითად, 6 ივლისს გამართულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 41 მილიონს ვერ აითვისებს. ეს იმიტომ, რომ უკრაინული ორგანიზაცია, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე მუშაობს, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და დიდი ალბათობით, ამ ორგანიზაციასთან კონტრაქტს გაწყვეტენ. ეკონომიკის სამინისტრომ ხელფასებში გააკეთა ეკონომია, რაღაც ტენდერი ვერ ჩატარდა თავის დროზე და ბიუჯეტი ამ თანხასაც გამოიყენებს... გარდა ამისა, კურსის ცვლილებამ მოგვცა საშუალება და სახელმწიფომ უარი თქვა შიდა ვალის ნაწილზე - შედარებით ნაკლებს ავიღებთ, ვიდრე დაგეგმილი იყო. ენას ძვალი არა აქვს და ყველაფერს ამბობს. რატომაა ეს გაღატაკების ბიუჯეტი? - ქვეყანაში პენსია არ მცირდება და ხელფასი, რა მდგომარეობაშიც ადრე ვიყავით, ახლაც ისე ვართ. რა უდევს საფუძვლად ასეთ განცხადებებს?".

პაატა კვიჟინაძის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის შეცვლილი ვარიანტი საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე განიხილეს, მათ შორის, უმცირესობამაც. 7 ივლისს იქნება საბოლოო განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შემდეგ გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობას. კვიჟინაძის ვარაუდით, მომდევნო კვირაში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე დამტკიცდება.

განსხვავებულად აფასებენ ბიუჯეტის კორექტირებას ეკონომიკის ექსპერტები:

პაატა შეშელიძე, თავისუფალი ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელი:

"ბიუჯეტის შეკვეცა საჭიროა, მაგრამ 140 მილიონი საკმარისი არ არის. საქართველოს მთავრობა ხარჯავს ძალიან ბევრს - კერძოდ, მშპ-ის ერთ მესამედს, რაც ძალიან ბევრია. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული რესურსი აკლდება კერძო სექტორს და სახელმწიფოს ემატება. ამხელა ხარჯის გაწევის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. მთავრობას არ უნდა ჰქონდეს წვდომა ამ მასშტაბის რესურსზე, ამიტომ სამთავრობო ხარჯები კიდევ უნდა შემცირდეს - ეს არავის დააზარალებს, პირიქით, ხელს შეუწყობს, რომ გადასახადის გადამხდელს უფრო მეტი თანხა დარჩეს."

შეშელიძის შეფასებით, ჩვენ გვჭირდება ფუნქციონალური ბიუჯეტი, რომელიც ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება და არა ხელისუფლების პრემიებს და ხელფასებს: "ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა იმით, რომ კურსი ბიუჯეტის შეკვეცისკენ აიღო. როგორც ჩანს, მეტი საშუალება არა აქვთ და პრაქტიკულად უარი თქვეს ეკონომიკის ზრდაზე. მაშ, რატომ შეეგუა მთავრობა 2-%-ან ზრდას და თუ შეეგუა, რატომ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში? - ეს არის მთავარი საკითხი. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც 2-პროცენტიან ზრდას გვთავაზობს, სახლში უნდა გავისტუმროთ, რადგან თუ ეკონომიკური ზრდა 7%-ზე ნაკლები იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები აფრიკის ქვეყნების დონეზე ცხოვრებისთვის არიან განწირულნი. ბიუჯეტი 140 მილიონით კი არა, მილიარდით უნდა შემცირდეს, ოღონდ მოსახლეობის სასარგებლოდ."

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის კორექტირება ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო: "2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებას ვერც დადებითად შევაფასებ და ვერც უარყოფითად. პრინციპში არც არაფერი შემცირებულა, უბრალოდ, რამდენიმე უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს თანხა მოაკლდა და ეს თანხა სულ სხვა მუხლებში გადანაწილდა. ბიუჯეტი იგივე რჩება, რაც იყო, უბრალოდ, მისი კორექცია განხორციელდა. ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას სულ სხვა რამ იწვევს: თუ არ სჭირდებოდათ, ამ უწყებებს თავიდანვე რატომ გამოუყვეს ეს თანხები?"

გერლიანის შეფასებით, ამ მოვლენას სეკვესტრთან არანაირი კავშირი არა აქვს:

"ბიუჯეტი 2014 წლის დეკემბერში დამტკიცდა, როცა ჩვენი ვალუტის კურსი აბსოლუტურად სხვა იყო, შემდეგ ეს კურსი ძირეულად შეიცვალა- ბიუჯეტი 1,80-ზე იყო შედგენილი, ახლა კი - 2,24-ია. შესაბამისად, ის თანხები, რაც უცხოეთიდან უნდა გადმორიცხულიყო, დღევანდელი კურსით საკმაოდ გაზრდილია. კურსთა შორის სხვაობამ ბიუჯეტს დამატებითი სახსრები გაუჩინა და დადებითად იმოქმედა მის შემოსავლებზე. ამიტომ, ბიუჯეტის კორექცია ისედაც დადგებოდა დღის წესრიგში, თუნდაც ლარის კურსიდან გამომდინარე. კურსის სხვაობას სხვა ფაქტორებიც დაემატა და კორექტირება გარდაუვალი გახდა, თუმცა ამ მოვლენას საერთოდ არა აქვს კავშირი სეკვესტრთან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ეს სეკვესტრი არ არის."

ხათუნა ჩიგოგიძე