"არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც მთავრობას გადასახადების გაზრდას ურჩევს"

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა ურთიერგამომრიცხავია.

როგორც ხადურმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის ერთ ნაწილში ეროვნული ბანკი მთავრობას გადასახადების გაზრდას ურჩევს, რაც "არ ესმის".  "რა თქმა უნდა, გავეცანი დასკვნას. სამწუხაროდ, ეს დასკვნა არის ურთიერთგამომრიცხავი. მაგალითად, ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, მთავრობას და პარლამენტს ურჩიოს გადასახადების გაზრდა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ეროვნული ბანკი მთავრობას მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს. 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები, დასკვნის სახით, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში უკვე გადააგზავნა. "მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, რამაც აშშ დოლარის გამყარება გამოიწვია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ და რეგიონში არსებული ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში. არსებულ შოკს აძლიერებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და საბანკო სექტორის ზედამხედველობის შესაძლო შესუსტება. საგარეო შოკების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია გაურკვევლობა, მათ შორის აშშ დოლარის კიდევ უფრო გამყარებისა და რეგიონის ეკონომიკების გაურესების კუთხით, როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ასევე ევროზონაში მიმდინარე პროცესების გამო. მნიშვნელოვანია არსებულ შოკებზე ქმედითი რეაგირება და მომავალი შესაძლო გაუარესებისგან დასაცავად ბუფერების შექმნა. კერძოდ, არსებული შოკების პირობებში პოლიტიკის სწორი რეაგირება იქნებოდა ეკონომიკურ ზრდაზე კონცენტრირება და გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში სოციალური და სხვა პრობლემების მიზნობრივი გადაწყვეტა. ვითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ და სხვა პრობლემებთან, ამიტომ უნდა იყოს განხილული ალტერნატიული პოლიტიკა, კერძოდ, გაცვლითი კურსის ხელშეწყობა ისე, რომ მოსახლეობის შემოსავლებს მინიმალური ზარალი მიადგეს, როგორც მიმდინარე, ასევე, მომვალ წლებში. ზემოაღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა ან/და არსებული საგადასახადო მექანიზმების გამოყენებას, როგორც აღნიშნული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მთავრობასთან კონსულტაციის ფარგლებში. ამასთან, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მხოლოდ 48 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება 99 მლნ ლარით. პროექტით, ასევე არ არის დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და შედეგად გაცვლით კურსზე წნეხის შერბილებას. წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებებში საყურადღებოა ხარჯების განაწილება მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები იზრდება 15 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები მცირდება 55 მლნ ლარით. ნაერთ ბიუჯეტშიც კაპიტალური ხარჯების კლება მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯების შემცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რამაც რთული პირობები შეუქმნა დოლარის სესხების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, თუ პარლამენტის მიზანია ლარის გაუფასურების გამო სასესხო ტვირთის შემცირება, ან შემდგომი ალტერნატივა - ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების ზეწოლის განეიტრალება, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით", - ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.