საქსტატი - იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გავრცელებულ მონაცემებშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 1082 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3680 მლნ აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2598 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1434 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 293 მლნ აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1141 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში 31 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივნისში 1356 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 21 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 417 მლნ აშშ დოლარი (45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 939 მლნ აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 32, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში 8 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (756 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (409 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (371 მლნ აშშ დოლარი).

2015 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 130 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 110 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფმა გადაინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 99 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 305 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებები სასაქონლო ჯგუფი 298 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 244 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).