„მიღებული კანონპროექტი არსებითადაა გაუმჯობესებული, 10 დღეში კი ხარისხიანი ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლებელია“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და შესაბამისად მასზე ხელმოწერას არ აპირებს, რამდენად არის ბანკების ინტერესები გათვალისწინებული, მით უმეტეს,  რომ ბანკების ასოციაცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმებოდა - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ცუცქირიძეს ვესაუბრეთ.

გიორგი ცუცქირიძე: უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებისას ჩვენ დავაფიქსირეთ უარყოფითი პოზიცია მისი წარმოდგენილი ფორმით მიღებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ მისი მომზადებისას კონსულტაციები არც საბანკო საზოგადოებასთან, არც ზოგადად ბიზნესსექტორთან და არც სხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გამართული არ ყოფილა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია, პრაქტიკულად წარმოადგენდა 2008 წელს მიღებული კანონის, რომელიც მოგეხსენებათ ერთ წელიწადში ისევ გაუქმდა, სახეშეცვლილ ვარიანტს. ამიტომ, ამ სახით მისი გატანა საპარლამენტო მოსმენებზე არ შეიძლებოდა.

მიუხედავად ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულებისა, თავიდანვე გამოვთქვით მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტთან დაკავშირებულ განხილვებში, თუ რა თქმა უნდა, კანონპროექტის ავტორებს ამის სურვილი ექნებოდათ. მისასალმებელია, რომ თავად კანონპროექტის ავტორთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მომხდარიყო ამ საკითხების საბანკო საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო განხილვა. რამდენიმე დღეში შედგა კიდეც კანონპროექტის ავტორების შეხვედრა საბანკო საზოგადოებასთან, რომლის დროსაც ჩვენ ღია საუბარი გვქონდა ყველა პრობლემურ საკითხზე და შევთანხმდით მთავარზე - მხოლოდ კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციის სერიოზული გადამუშავების და საბანკო სექტორის აქტიური ჩართულობის შემდეგ დაიწყებოდა მისი პარლამენტში განხილვა.

- გასაგებია, რომ ინიცირებული ვარიანტი თქვენი შეფასებით 2008 წლის კანონის თავისებურ ვერსიას წარმოადგენდა, მაგრამ მაინც რა პრინციპები ან დებულებები იყო თქვენთვის მიუღებელი?

- 2008 წლიდან დღემდე დიდი დროა გასული. წარმოდგენილი რედაქცია ვერ პასუხობდა დროის მოთხოვნებს და ბუნებრივია, თანხვედრაში ვერ იქნებოდა ვერც საბანკო კანონმდებლობაში მომხდარ ცვლილებებთან, და ვერც, ზოგადად, საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციებთან. რბილად რომ ვთქვათ, შინაარსობრივად და თავისი კონსტრუქციით იგი მოძველებული იყო.  ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი იყო. აქ პრობლემა საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოსვლაში კი არ დგას, მოგეხსენებათ არის ქვეყნები, სადაც ინსტიტუციურად საბანკო ზედამხედველი, არა თუ ეროვნულ ბანკთან არსებულ ფორმატშია დამოუკიდებელი ინსტიტუტის სახით, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, არამედ საერთოდ გამოსულია ცენტრალური ბანკიდან (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ესტონეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, ისლანდია, მალტა, მონტენეგრო, ნორვეგია, თურქეთი, იაპონია და ა.შ) არამედ იმაში იყო, რომ ბევრი დებულება ფუნქციათა გამიჯვნის საკითხებში წინააღმდეგობრივი ხასიათისა იყო და დუბლირების ელემენტებს ატარებდა. საკმაოდ პრობლემური იყო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და ბოლო რიგის კრედიტორის უფლებამოსილების განხორციელების საკითხი.

სხვათა შორის ზემოაღნიშნული შენიშვნები საკომიტეტო მოსმენებზეც დაისვა, მათ შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მხრიდანაც. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის დღეს არსებულ ვარიანტში ჩემს მიერ მითითებული ხარვეზები გამოსწორებულია. სერიოზული გადამუშავება მოხდა თავად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და სააგენტოს უფროსის წარდგენის და არჩევის წესში, კერძოდ, საბჭოს 5 წევრს წარადგენს მთავრობა და არა პარლამენტის ცალკეული ფრაქციები, რაც პოლიტიკური მოტივირების საშიშროებას ქმნიდა. ამასთან, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, საბჭოს შემადგენლობას დაემატა კიდევ ერთი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოდან, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო აირჩევს თავის შემადგენლობიდან. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, რომელიც ხარისხობრივად გაცილებით მაღალია ვიდრე ეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვისაა დაწესებული. ცვლილებები შეეხეო ასევე სააგენტოს საბჭოს წევრების ვადაზე ადრე განთავისუფლების წესს, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს ასევე ის გარემოებაც, რომ საბჭოს წევრებმა და სააგენტოს უფროსმა პარლამენტს მათი კანდიდატურის განხილვის დროს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი კავშირების შესახებ, რაც დამატებითი გარანტიაა სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობისათვის. ეროვნულ ბანკში შეიქმნება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი, სადაც პარიტეტული პრინციპით შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს უფროსი და სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი. აღნიშნული კომიტეტი განიხილავს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების დადგენის, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესის საკითხს. კომიტეტის გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

- რამდენად არის უკვე მესამე მოსმენით მიღებულ კანონში აღნიშნული წინააღმდეგობები დაძლეული?

- ყველა ის შენიშვნა, რომელიც საბანკო სექტორის მიერ პარლამენტისათვის იყო მიწოდებული და პრაქტიკულად ეხებოდა ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს, აისახა კანონპროექტის ახალ რედაქციაში. პირველ და მეორე მოსმენების დროს ჩვენი თანამშრომლობა იყო ძალზე პროდუქტიული, შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაცია პარლამენტთან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან.  დღეს ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც არსებითად განსხვავდება კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტისაგან, როგორც კონცეპტუალური, ასევე წმინდა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. სხვა თუ არაფერი, 70-ზე მეტი შენიშვნაა მასში ასახული.

- მოგეხსენებათ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც მათ ერთობლივ წერილშიც აისახა, რამდენად არის გათვალისწინებული მათი შეხედულებები?

- ამ წერილის სულისკვეთება და მასში გამოთქმული მოსაზრებები ძირითადად ეხებოდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის და მისი ფუნქციის დაკარგვის საფრთხეს. კეთილგანწყობილი პარტნიორის პოზიციიდან დანახული ეს მინიშნებები ნამდვილად არ იყო არგუმენტებს მოკლებული. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ წერილში მოყვანილი საფრთხეები პირველ მოსმენამდე მიღებული კანონპროექტის ვარიანტს ეხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი და მეორე მოსმენების დროს როგორც უკვე აღვნიშნე კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მათ შორის აღნიშნულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართული კონსულტაციების შედეგად და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მესამე მოსმენით მიღებული კანონის რედაქცია ინტერესთა თანხვედრის თვალსაზრისით საკმაოდ დაბალანსებულია.  მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა რომელიც შედგა საბანკო სექტორსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, პარალამენტის დარგობრივ ეკონომიკურ კომიტეტებთან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან მისასალმებელი და განსავრცობია, რაც საბოლოო ჯამში ისევ ქვეყნისათვის იქნება სასიკეთო.

- მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტის აპარატი აღნიშნულ ცვლილებებს მაინც ნეგატიურად აფასებს, პასუხგაუცემელ კითხვებზე მიანიშნებს, მისთვის მიუღებელია საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა და ახალი კანონის პროექტის რედაქციაზე მუშაობს, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება?

- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და პირადად ამ კანონპროექტის ავტორებმა ღია კარის პრინციპის არჩევით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა მხარეს საკმაო დრო და შესაძლებლობა ჰქონდა თავისი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონპროექტში 70-მდე შენიშვნაა გათვალისწინებული, მათ შორის საბანკო სექტორის მიერ მიწოდებული პრაქტიკულად ყველა წინადადება. ამიტომ, პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა ჩემთვის ცოტა გაუგებარია.  ქართული საბანკო სისტემა არის წარმატებული ინსტუტუცია, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ, მაგრამ დღეს გაცილებით აქტუალურია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე რის წინაშეც საბანკო სექტორი დგას. 2008 წლის გლობალურ კრიზისამდე ითვლებოდა, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მონეტარული და ფინანსურ სტაბილურობის მიღწევის ამოცანებს შორის. მართალია, დღეს ერთი ქოლგის ქვეშ ზედამხედველობა გაცილებით ეფექტურად ითვლება, ინფორმაციის გაცვლის და გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობის თვალსაზრისით, მაგრამ არც ესაა პარადიგმა. სამწუხაროდ, ინტერესთა კონფლიქტი და რეპუტაციული რისკი მონეტარულ და საზედამხედველო ფუნქციებს შორის 2008 წლის გლობალურ კრიზისამდეც იყო და მომავალშიც იქნება. გასაგებია, რომ კრიზისულ პერიოდებში ერთი ქოლგის ქვეშ ზედამხედველობა უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ თითოეული ქვეყანა თავისი სპეციფიკიდან უნდა ამოვიდეს. ეს ასე რომ არ იყოს, ყველა ქვეყანა ერთი ქოლგის ქვეშ ზედამხედველობის მოდელზე იქნებოდა გადასული.

მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილების რევიზია აზრს კარგავს და უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ დღეს გვჭირდება გაცილებით ეფექტური საბანკო სისტემა, რომლის პირობებში მონეტარული და ფინანსური ზედამხედველობა ავტონომიურ და ამავდროულად სინქრონულ რეჟიმში იფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში რეპუტაციის დაკარგვის რისკი კი არ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება. როდესაც ცენტრალური ბანკი არ იქნება პირდაპირ და ერთპიროვნულად ჩართული ზედამხედველობის რეგულირებაში, რადგან საზედამხედველო პოლიტიკის ხასიათიდან გამომდინარე, წარუმატებლობის შედეგი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე წარმატებები. დიდწილად სწორედ ამის შედეგია ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვა, თუნდაც სავალუტო სპეკულაციებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კი არ შემცირდება, პირიქით წმინდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ამოცანებზე გადართვით მნიშვნელოვნად გაიზრდება ნდობის ფაქტორთან ერთად.

ჩვენთვის გაცილებით პრიორიტეტულია დროზე მოხდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურის ფორმირება და საბჭოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. აღნიშნული პროცესის დროში გაწელვა პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადებით და საბანკო სექტორის გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებით მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. ის რომ საბანკო სექტორი არის წარმატებული, არ უნდა ნიშნავდეს თვითკმაყოფილებას. ეს უნდა იყოს განვითარების მუდმივი პროცესი.  გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები ჩვენც გვაიძულებენ, გადავიდეთ ახალ სტანდარტებზე და ეს პირველ რიგში ბაზელის საერთაშორისო საბანკო კომიტეტის მესამე შეთანხმების იმპლიმენტაციას უკავშირდება, რომელიც ბაზელი 3 -ის სახელით არის ცნობილი. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის წევრების მიერ 2010-11 წლებში და მისი შემოღების აუცილებლობა 2007-2008 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისას ფინანსური ბაზრების მოქმედი რეგულირების მეთოდილოგიებში გამოვლენილი ხარვეზების გამო დადგა. ნიშანდობლივია, რომ მისი დანერგვა ჯერ კიდევ 2013-2015 წლებში იყო გათვალისწინებული; თუმცა, 2013 წლის 1 აპრილიდან მან განიცადა გარკვეული ცვლილებები და ამ ახალი პრინციპების დანერგვის ვადამ გადაიწია 2019 წლის 31 მარტამდე. ახალი მიდგომა ითვალისწინებს ნორმატიული ბაზის დახვეწას ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, სტრეს ტესტირებისა და ბაზრის ლიკვიდურობის რისკის განსაზღვრისათვის.

ცნობისათვის განვმარტავ, რომ ბაზელ I და ბაზელი II-ის პრინციპებისაგან განსხვავებით, რომელიც პირველ რიგში სესხებზე დანაკარგების რეზერვების ფორმირებაზე ფოკუსირდება, ბაზელ III უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს განსხვავებული დონის რეზერვების შექმნას, მისი დანიშნულებაა გააძლიეროს ბანკის კაპიტალის მოთხოვნები ბანკის ლიკვიდობის გაზრდით და ლევერიჯის შემცირებით. რასაც ემატება კაპიტალის დამცავი ბუფერის შექმნა კაპიტალის ადექვატურობის მინიმალური მოთხოვნების ზევით, რათა სტრესული სიტუაციებისას შექმნას თავისებური „ფინანსური ბალიში“ რისკების დასაზღვევად;  ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ეკონომიკის დღეს არსებული სექტორული და კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობის პირობებში, რაც უფრო დიდია დაუბრუნებელი სესხების წილი საკრედიტო პორტფელში, მით უფრო იზრდება საპროცენტო მარჟა, რომელსაც იძულებით აწესებს ბანკი, მისი ხარჯების დასაფარავად. ასეთ შემთხვევაში, ბანკი ზრდის რა საბანკო მომსახურებაზე და საკრედიტო რესურსებზე ფასს, მით უფრო ეცემა მისი საქმიანობის ეკონომიკური ეფექტი და კონკურენტუნარიანობა, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთების დადგენისას, ბანკი იძულებულია მიმართოს მაღალრისკიან საკრედიტო დაბანდებებს. თავის მხრივ, ფულადი ბაზრის მოკლევადიანობისას, რაც უფრო იზრდება საპროცენტო განაკვეთები, მით უფრო მცირდება მსესხებლების მხრიდან მისი დაბრუნების ალბათობა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქართული საბანკო სიტემის ხვალინდელი დღე სწორედ ამაზე გადის, თუ რამდენად დროულად და ეფექტურად შევძლებთ ამ პრინციპების დანერგვას და რისკების მართვის ახალ მოდელებზე გადასვლას, ახალი სტრუქტურის მთავარი პრიორიტეტი ანუ მისი საქმიანობის სტრატეგია სწორედ ეს უნდა იყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დროულად მოხდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურის ფორმირება და საბჭოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება აზრს მოკლებულია და ქვეყნისათვის და საბანკო სექტორისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება, მით უმეტეს თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ 10 დღის ვადაში კანონპროექტის ხარისხიანი და გააზრებული ალტერნატივის შემოთავაზება პრაქტიკულად შეუძლებელია.