რომან გოცირიძე: "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები მისი გაუმჯობესებისკენაა მიმართული

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები მისი გაუმჯობესებისკენაა მიმართული, - ამის შესახებ გოცირიძემ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლიც თანახმადაც, ცუციქიძის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება აზრს მოკლებულია და ქვეყნისა და საბანკო სექტორისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

რომან გოცირიძე ცუცქირიძის განცხადებას უცნაურს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკების ხელმძღვანელების, ბიზნესასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ შორის, ბანკების ასოციაციის თავდაპირველ განცხადებას.  "მიუხედავად იმისა, რომ საუბარია იმ კანონში რაღაც ცვლილებებზე, მასში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. შეიძლება ერთადერთ დადებით მომენტად აისახოს, რომ საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა, კიდევ ერთი წარმომადგენელი იქნება, თუმცა ეს არსებითად მის ხასიათს არ ცვლის, ვინაიდან იქმნება ეროვნულ ბანკთან შედარებით გაცილებით დაბალი სტატუსისა და დაცულობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც ზემოქმედება მთავრობისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან უფრო ადვილია, ვიდრე კონსტიტუციით დაცულ ეროვნულ ბანკზე", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო არ არის მხოლოდ ვეტო ვეტოსთვის. "ვინაიდან პარლამენტში არსებული ბალანსის გამო, ალბათ, პრეზიდნეტის ვეტოს დაძლევა მოხდება, პრეზიდენტი არ წავიდა მხოლოდ სიმბოლურ გზებზე ვეტოს დადების სახით, რომელსაც ამავე დროს, თავისი პოლიტიკური წონა და საერთაშორისო რეზონანსი აქვს, ამიტომ პრეზიდენტის ვეტო არ არის უბრალო აქტი, მიუხედავად იმისა, იგი დაიძლევა თუ არა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი ამ კანონპროექტის გაუმჯობესებისა, ანუ მოხდება დამატებითი წინადადებების შეთავაზება, რომელიც შესაძლებელია, მისაღები აღმოჩნდეს კანონმდებელთა ფართო წრისთვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს წინადადებები მხარდაჭერილი იქნება საერთაშირისო ორგანიზაციების მიერ, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება ეროვნული ბანკისგან ამ სტრუქტურის გამოყვანის თაობაზე დღემდე არ შენელებულა და არავის განუცხადებია ღიად, რომ მათ ეს კანონპროექტი მოსწონთ. პრეზიდენტის შენიშვნები კანონის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, უფრო თანამშრომლობის მაჩვენებელია და ის არის ნაკლებად ხისტი პირდაპირ ვეტოს გამოყენებასთან შედარებით", - განაცხადა გოცირიძემ.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ 10 დღეში კანონპროექტის ხარისხიანი და გააზრებული ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლებელია, რომან გოცირიძე აბსოლუტურად უსუსურ არგუმენტს უწოდებს.  "ამ კანონპროექტმა იდეის გაჩენიდან პარლამენტში დამტკიცებამდე 2 თვის განმავლობაში ყველა ეტაპი გაიარა და მაშინ 2 თვის განმავლობაში როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება?! ის განცხადება, რომ ვეტოს დადება საბანკო სექტორზე ცუდად იმოქმედებს, ესეც უცნაურია, ვინაიდან კანონი მოქმედებაში 10 დღით ადრე შევა თუ 10 დღით გვიან, არსებითად არაფერს ცვლის. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დასკვნა, რომ ეს თუ არის ბანკების აზრი და თუ საბანკო ასოციაცია ბანკების სურვილს გამოხატავს, ეს ნიშნავს, რომ ბანკებზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა, ან ფაქტობრივად, ეს არის ბანკების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სასიამოვნო იქნებოდა მთავრობისთვის და მთავრობასთან ურთიერთობების არგაფუჭებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, სწორედ იმ შიშებს ადასტურებს, რომ მთავრობას ეძლევა კომერციულ ბანკებსა და ასიათასობით მის კლიენტურაზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი რისკი ამ კანონის ამ ორგანიზაციის მთავრობის კონტროლის ქვეშ გადასვლის კუთხით", - განაცხადა გოცირიძემ.

"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე ამ კონტექსტში პარალელს კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან ავლებს და აცხადებს, რომ მათი მხოლოდ სიმბლური დაჯარიმება მოხდება.  "მე ეჭვიც არ მეპარება, რომ არავითარ 55 მილიონს ეს კომპანიები არ გადაიხდიან. ეს იქნება დამოკლეს მახვილი მათ თავზე და მთავრობისადმი ერთგულების ფიცის დადების საბაბი. სიმბოლური დაჯარიმება მოხდება, მაგრამ მათ ყოველთვის ექნებათ მეხსიერებაში, რომ არსებობს ბერკეტები, რომლითაც შეიძლება ისინი მუდამ დაისაჯონ. მე დიდ პარალელს ვავლებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ არავითარი დაჯარიმება არ მოხდება და ეს იქნება სასამართლოში მორიგება ნავთობკომპანიებსა და მთავრობას შორის. სწორედ ეს ტენდენციებია საგანგაშო, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური გავიდა ეროვნული ბანკიდან და მთავრობამ დაიქვემდებარა, ისევე, როგორც ახლა საბანკო ზედამხედველობასთან მიმართებაში ხდება, ისევე, როგორც დაზღვევის სფეროში და ა.შ. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ფინანსური ძალაუფლების კონცენტრაციას პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რომელიც კარგ შედეგს არ გამოიღებს. თუ ეს არ არის ბანკების პოზიცია და ეს არის საბანკო ასოციაციის პოზიცია, ძალიან სამწუხაროა, რომ მილიარდების ბრუნვის მქონე ბანკებმა უკვე ორი ათეული წელია ერთი ორგანიზაცია ვერ შექმნეს, რომელიც პრინციპულად დაიცავდა მათ ინტერესებს, თუმცა მე არ მინდა ამ ორგანიზაციას გადავაბრალო, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზაცია ასრულებს მისი დამფუძნებლების შეკვეთას", - განაცხადა გოცირიძემ.