”კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად“

უძრავ ქონებაზე გარიგებების რაოდენობა მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 3,4%-ით, წინა წელთან შედარებით კი 4.5%-ით გაიზარდა და 133 ათას ერთეულს გადააჭარბა. განსაკუთრებული მოთხოვნა ახლადაშენებულ ბინებზე დაფიქსირდა: პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რიცხვი წინა წელთან შედარებით 16,8%-ით, ხოლო - პირველ კვარტალთან შედარებით - 8,2%-ით გაიზარდა. მაშინ როცა, მეორად ბინებზე უმნიშვნელო მატება აღინიშნა. მიუხედავად ამისა, მეორად ბინებზე გარიგებებს საერთო მოცულობაში კვლავ 80%-მდე უკავია.

პირველადი რეგისტრაციების ზრდას უძრავი ქონების სააგენტოში „მაკლერ.გე“ სამშენებლო კომპანიების მიერ გადახდების მოქნილი გრაფიკის დანერგვასა და ფასების შემცირებას უკავშირებენ.

„კომპანიების უდიდესი ნაწილი მომხმარებელს უკვე შიდა განვადებებს სთავაზობს, გარდა ამისა, კრიზისის გამო ფასები გაცილებით ადეკვატური გახდა“, - განუცხადა სააგენტოს მენეჯერმა, ხათუნა შურღაიამ bpn -ს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია მთლიანად უძრავი ქონების ბაზარზე შეიმჩნევა.

„ფასები, დაახლოებით, 15-20%-ით შემცირდა, თან, თითქმის, ყველა უბანში, მათ შორის, პრესტიჟულ უბნებში. საბურთალოზე თეთრ კარკასს, მაგალითად, 600-800 დოლარად შეიძენთ, ვაკეში კი- 900-1000 დოლარად, თუ, რა თქმა უნდა, მფლობელს ნამდვილად სურს მისი გაყიდვა. ბევრი კარგი ცხელი შემოთავაზება გვაქვს, ხშირია შემთხვევები, როცა ახლადაშენებულ ბინებს, სადაც ჯერ არც კი უცხოვრიათ, მფლობელები გაცილებით იაფად ყიდიან, ვიდრე თავად გადაიხადეს. ეს კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად“, - აღნიშნა ხათუნა შურღაიამ.

"საქმე.გე"-ს გენერალური მენეჯერის, ნიკა ჯაფარიძის თქმით, აგარაკების გაქირავებასთან დაკავშირებით განცხადებებმა მოიმატა: ”უძრავი ქონების გასაყიდად, ზოგადად, ზაფხული აქტიური სეზონი არ არის, მაგრამ ყიდვა-გაყიდვის სფეროში გამოცოცხლება შეიმჩნევა. განსაკუთრებით კი აგარაკის გაქირავებასთან დაკავშირებით მოიმატა განცხადებების რაოდენობამ”.

ბელა ნოზაძე