გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფაზე ექსპერტების ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან იქნა გათვალისწინებული, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

"თქვენ ნახეთ, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პროცესი, ნამდვილად იყო ხარვეზები პროცესში სხვადასხვა განცხადებების სახით, შემდეგში თვითონ სექტორის მოთხოვნა იყო, პროცესი შეგვენელებინა, გაგვევლო როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. მთავრობამ მოუსმინა ამ რეკომენდაციებს, უკვე ხედავთ, რომ ორი თვეა მიმდინარეობს განხილვა, რომელმაც უკვე ეს პროცესი გადაიყვანა აბსოლუტურად კონსტრუქციულ კანონშემოქმედებით პროცესში. ძალიან ბევრი - პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, იქნა გათვალისწინებული. დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, არსებობს ერთიანი მოდელი, როდესაც ეროვნულ ბანკში არის კონსოლიდირებული საბანკო ზედამხედველობა, ასევე არსებობს განცალკევებული მოდელიც და საქართველოში იქნება განცალკევებული მოდელი.  "მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. მე მგონია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ ერთად ვეცადოთ, თუ კიდევ რამე არის ადმინისტრაციული კუთხით, იგივე კადრების შერჩევის კუთხით გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად ერთად კონსოლიდირებულად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ინსტიტუტი იყოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.