ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიას თანხებიც კი არ გააჩნია, რომ 70 000-ზე მეტი ქულის მქონე ოჯახები კომუნალური ვაუჩერით უზრუნველყოს

ხელისუფლების ორმაგი ტყუილი ოჯახებისათვის ორმაგი დარტყმა იქნება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი აბესაძის თქმით, დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე აპირებს, დააყენოს საკითხი იმის შესახებ, რომ 70 000-ზე მეტი ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გაუუქმდეს კომუნალური ვაუჩერი. ასევე იმ ოჯახებსაც, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ და სჭირდებათ.  "კიდევ ერთი ორმაგი ტყუილი "ქართული ოცნების" – ნაცვლად ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებისა, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდება. ასევე, დავით ნარმანიას დაპირება, რომ კომუნალური ვაუჩერების სისტემა, რომელიც ძველ სატარიფო სისტემაზე იყო მორგებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შენარჩუნდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. 70 000 ქულაზე მეტის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუუქმდებათ კომუნალური ვაუჩერები. 380 000 ასეთი ოჯახიდან კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ 38 000 ოჯახი ისარგებლებს", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ სექტემბრიდან უკვე თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. სოციალურად დაუცველებისათვის ბიუჯეტიდან სუბსიდიის თანხები თბილისის მერიას უკვე აღარ აღმოაჩნდება.  ირაკლი აბესაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ 70 000 ქულაზე მეტის მქონე თბილისში 56 000 ოჯახია და მათ კომუნალური ვაუჩერის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით კომუნალური ვაუჩერის გაცემის ჯამური ბიუჯეტი წელს 8 მილიონით არის შემცირებული. კვარტალში თბილისის მერიამ კომუნალური ვაუჩერებისათვის უკვე დახარჯა 28 მილიონი და ბოლო ორ თვეზე 8 მილიონი ლარი დარჩა. ასე რომ, თბილისის მერიას თანხებიც კი არ გააჩნია, რომ 70 000-ზე მეტი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერით უზრუნველყოს.