ოქროს სიყვარულმა პუტინს 15 მილიარდი დააკარგინა

გერმანული მედია რუსეთის ოქროს რეზერვებით დაინტერესდა. ამ საკითხზე პრესაში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, მათ შორის ბულვარულ Bild-ში და გავლენიან ყოველკვირეულ Der Spiegel-ში. ყველა მათგანის გააქტიურების წყარო კი კონსერვატიული გამოცემა Die Welt-ია, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სათაურით - ”ვლადიმერ პუტინის ოქროსადმი ფატალური წყურვილი”. სტატიის უმთავრესი თეზისი გახლავთ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომა, რომელმაც ოქროს რეზერვში მარაგების ზრდაზე დადო ფსონი, მაშინ როდესაც ეს ძვირფასი მეტალი გაუფასურებულია და აგრძელებს ვარდნას.

”იდეოლოგიისთვის საფასურს იხდიან”

სტატიის ავტორების თქმით, უკვე მერამდენე წელია რუსეთი ცდილობს შეამციროს დასავლეთზე დამოკიდებულება, თუმცა პუტინმა ვერ გათვალა, რომ რუსეთის სახელმწიფო რეზერვები ძირითადად დოლარშია განთავსებული. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა ალტერნატიული გზის ძიება. მნიშვნელობით მეორე ვალუტაზე - ევროზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე, მოსკოვმა უარი ყირიმის კრიზისის შემდეგ მალევე თქვა. ჩინური იუანი დღემდე არ მიიჩნევა თავისუფალ კონვერტირებად ვალუტად - შესაბამისად, პუტინს დარჩა მხოლოდ ერთი გზა - ოქრო...

ცნობისთვის, რუსეთს ამ დროისთვის 1300 ტონა ოქროს რეზერვი აქვს, მაშინ როცა მისი რაოდენობა ჯერ კიდევ 2007 წელს მხოლოდ 400 ტონა იყო.

ამ დროისთვის რუსეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა ოქროს რეზერვების მოცულობით და ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ამასთან, პრობლემა იმაშიცაა, რომ ოქრო ინვესტორებისთვის ”მოდიდან გადავიდა” და შესაბამისად პუტინის ქონება მის თვალწინ დნება. ამ დროისთვის ოქროს ღირებულება უნციაზე 1100 დოლარზე ნაკლებია - ეს კი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ის განსაკუთრებით მას შემდეგ გაუფასურდა, რაც ყირიმის კრიზისის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ”ოქროს ციებ-ცხელებამ” შეიპყრო.

სტატიის ავტორების აზრით, საბოლოოდ რუსეთმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, რადგან დღეისათვის რუსეთის რეზერვში არსებული ოქროს ღირებულება მხოლოდ 45 მილიარდი დოლარია. ეს კი იგივე ფასია, რაც 2011 წელს იყო. შესაბამისად, დამატებით 439 ტონა ოქროს შესყიდვამ რუსეთის სახელმწიფოს არცერთი ცენტი არ შემატა. პირიქით, კრემლის მეთაურმა 15 მილიარდი დოლარი, ანუ ქვეყნის ეროვნული რეზერვების 5 პროცენტი გაფლანგა.

კოკა კვირკველია