საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს მხოლოდ შემოსავლების სამსახური გასცემს

EURO.1 სერტიფიკატის გაცემა-დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღარ უზრუნველყოფს და ამას შემოსავლების სამსახური გააკეთებს. ასევე, სამომავლოდ შემოსავლების სამსახური გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას, რაც ახლა პირველ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებაა, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს კი, დღეს ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

ამასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. კანონპროექტის შემუშავებას მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული იმ ვალდებულების შესრულების აუცილებლობით ხსნის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EURO.1-ის გაცემას მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ წარმოშობის სერტიფიკატი EURO.1-ის გაცემა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს.

რაც შეეხება სხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან შემოსავლების სამსახურის მიერ, ან სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ან ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. გარდა ამისა, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას, წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში სექტემბრიდან დაიწყება.

ნათია ინაური