პრეზიდენტის წინადადება ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე არასამთავრობოებს გააცნეს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გააცნო.

ალტერნატიული წინადადება საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას ითვალისწინებს.  "მე პრეზიდენტის დავალებით ვაწარმოებდი პროცესს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ზედამხდველობის კანონთან დაკავშირებით შენიშვნები, ერთი მხრივ, გავაცანით საერთაშორისო ორგანიზაციებს და მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, მეორე მხრივ, დღეს გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და ვფიქრობ, ძალიან ღირებული მოსაზრებები გამოითქვა. მნიშვნელოვანი რაც არის, ისაა, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა წარედგინოს პარლამენტს, ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე და სრულად ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციებს, ასევე სრულად ასახავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციებს, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამასთან იგი კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელიც მომზადდეს.  "ეს მოსაზრებები მოვისმინე შეხვედრაზე. ბუნებრივია, კითხვები რჩება კონსტიტუციასთან დაკავშირებით ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში. თუმცა ამ ეტაპისთვის სრულად ვართ მონდომებული, რომ მოტივირებული შენიშვნები, რომელიც კანონპროექტის სახით ჩამოყალიბდა, წარდგენილი იყოს პარლამენტში და მიიღოს მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, აბაშიშვილის თქმით, ეს თავად გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ეს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 1 აგვისტომდე მოხდება.