აზიმ სადიკოვი: ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ღიად დარჩა

ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ღიად დარჩა, - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ტელეკომპანია "მაესტროს" იმ კითხვის პასუხად განუცხადა, მოხდა თუ არა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება.

"საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტთან დაკავშირებით ფონდმა მთავრობას მრავალი რეკომენდაცია წარუდგინა. ბევრი მათგანი შეუფერხებლად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე და კანონის საბოლოო რედაქციაში აისახა, თუმცა აქვე მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები, რაც ეხება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მმართველის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას, ასევე, მიგვაჩნია, რომ ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის პროცესი მოკლე ვადაში არ უნდა მოხდეს. ის, რაც მიმდინარე კანონით არის გათვალისწინებული, არარეალისტურად მოკლე დროა. რომ შევაჯამოთ, ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ღიად დარჩა", - აღნიშნა სადიკოვმა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდი მუდმივად ამბობდა, რომ საქართველოს კონტექსტში უკეთესია თუ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ქვეშ დარჩება. "ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიოში განსხვავებული მოდელები არსებობს და საბოლოოდ ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ სად მიუჩენენ ადგილს საბანკო ზედამხედველობას. ზედამხედველობის ცალკე სააგენტოდ ფორმირება შესაძლებელია, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონზე, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ბაზელის საბანკო პრინციპთან. ამასთან, გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დაგვაზღვევდა ნაჩქარევი შეცდომებისგან. თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა და ზედამხედველს არ ექნება სრული დამოუკიდებლობა და თუ ეროვნული ბანკისგან გამოყოფა მოკლე ვადებში მოხდა, საბანკო ზედამხედველობის ხარისხი შესაძლოა გაუარესდეს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას", - განაცხადა სადიკოვმა.

როგორც აზიმ სადიკოვმა აღნიშნა, სავალუტო ფონდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ტექნიკური კომენტარები მიაწოდა. "პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ითხოვა ჩვენი კომენტარი მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე. ჩვენ მათ მართლაც მივაწოდეთ ტექნიკური კომენტარები. კანონპროექტზე მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მთავრობასთან და პარლამენტთან განხილვის სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან", - განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ წერილში ახსნილი იყო ის პოზიცია, რომ საქართველოსთვის უკეთესია საბანკო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დატოვება, თუმცა ამავე წერილში ეწერა, რომ მსოფლიოში განსხვავებული მოდელები არსებობს.  "თუ პარლამენტმა ცალკე სააგენტოს შექმნა გადაწყვიტა, მაშინ აუცილებელია ძლიერი კანონი, რომელიც სააგენტოს საქმიანობის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, გახდის მას ანგარიშვალდებულს და ასევე გაითვალისწინებს ეროვნული ბანკისგან გამოყოფისა და ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბების პროცედურისთვის შესაბამის ვადებს. ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიზნებთან და გაართულებს არსებული პროგრამის მორიგი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას", - განაცხადა სადიკოვმა.