აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ მაღალჩინოსნებისა და კომპანიების სია, რომელთა წინააღმდეგ უკვე მოქმედებს სანქციები.

"ბიბისის" ცნობით, გაფართოებულ სიაში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული პირები და რუსეთსა და ყირიმში მოქმედი კომერციული კომპანიებიც მოხვდნენ. მათ შორის არიან, რუსეთისა და ფინეთის მოქალაქე რომან როტენბერგი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ ბორის როტენბერგის შვილია, ასევე, უკრაინის ექსპრეზიდენტის შვილი ალექსანდრ იანუკოვიჩი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი კლუევი. კომერციული და ინდუსტრიული ორგანიზაციების სიაში კი მოხვდნენ იჟევსკის მექანიკური ქარხანა, ასევე ყირიმის, ფეოდოსიის, კერჩის, სევასტოპოლისა და იალტას პორტები.