რა ქონებას ფლობს კახა კახიშვილი

რამდენიმე დღის წინ კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების სისტემა ჩაიბარა. აქამდე კახიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კახა კახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ ვრცელია, რომლის ათვლაც 2002 წლიდან იწყება, როცა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ოჯახის წვერთა გრაფაში ვკითხულობთ: მამა - გიორგი (გოგი) კახიშვილი, დედა - მარინა კახიშვილი, და - ოლღა კახიშვილი, მეუღლე - ჟანა კახიშვილი, შვილი - მარინა კახიშვილი. მამის, გიორგი კახიშვილის სახელზე თბილისში არსებული ბინაა, რომელიც 50 000 ლარადაა შეფასებული, ასევე მამის სახელზეა ავტოფარეხი, 70 000 ლარად შეფასებული მაღაზია და მსუბუქი ავტომობილი. კახა კახიშვილის სახელზე კი 20 000 ლარის ღირებულების ავტომანქანაა. დეკლარაციის შევსების მომენტში კახიშვილის მშობლებს 30 000 და 20 0000 ლარი ჰქონდათ. თავად კახიშვილს რაიმე თანხა ან წლიური შემოსავალი მითითებული არ აქვს.

2003 წელს მორიგი ქონებრივი დეკლარაცია კახა კახიშვილმა, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში შეავსო.

უძრავ ქონებაში ცვლილებები არ არის. 2004-2006 წლებში შევსებულ დეკლარაციებში კახა კახიშვილის პირად ანგარიშებზე არსებული თანხისა და შემოსავლების შესახებ არაფერი წერია. ამ პერიოდში კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გახლდათ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

2008 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კახიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამ პერიოდში კახა კახიშვილის ოჯახში მატებაა, მას შვილი - ანა-მარია შეეძინა. ცვლილებებია უძრავ ქონებაშიც - მეუღლის სახელზეა თბილისში არსებული ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 150 000 ლარია. ასევე, მეუღლის სახელზეა 20 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაული, 7 000 ლარის ღირებულების ჭაღი და 6 000 ლარის ღირებულების საძინებელი. რაც შეეხება კახა კახიშვილს საბანკო ანგარიშებს: საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშებზე - 400 დოლარი, 100 დოლარი და 500 ლარი აქვს, ხოლო საკრედიტო "ორინჯ ქარდზე" - 1 500 დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს კახიშვილის მამას 12 000 ლარი, ხოლო დედას 15 000 ლარი უფიქსირდება. ასევე, მამის გიორგი კახიშვილის სახელზეა შპს "გ და კომპანია" რომლის დამფუძნებელიც თავად არის.

2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კახა კახიშვილის მამის სახელზე თბილისში 220 კვ/მ ფართობის ახალი ბინა ფიქსირდება. კახა კახიშვილის მფლობელობაშია Jaguar XJ, ხოლო მამის მფლობელაბში Hyundai-ს მარკის მანქანა. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: კახი კახიშვილს საქართველოს ბანკში ოთხი მიმდინარე ანგარიში აქვს, სადაც - 118 ლარი, 326 ლარი, 327 დოლარი, 1 400 ევრო და 85 ლარია. ხოლო სახელფასოზე - 2269 ლარი. ამავდროულად, კახა კახიშვილი შპს "კამოში" იურისტად არის, სადაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 1875 ლარი, ხოლო შპს "ტალ იდეველომპნმეტში" კონსულტანტად მუშაობისას - 5 000 აშშ დოლარი შეადგინა.

წლის განმავლობაში კახა კახიშვილმა შვილების განათლებაში 5 250 ლარი, და 2 200 ლარი დახარჯა. რაც შეეხება 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციას, სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს ჯერ არ შეუვსია.

სალომე გოგოხია