რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ კი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ჩინოვნიკის რანგში ვახტანგ გომელაურმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 20 მაისს შევასო. იმ პერიოდში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ოჯახის წევრთა გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ნინო კუდუხაშვილი, შვილები - ანა და ლუკა გომელაურები. ვახტანგ გომელაურის საკუთრებაში ვარკეთილში მდებარე, 64კვ/მ ფართობის ბინა ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში იმავე მისამართზე არსებული 88 კვ/მ ფართობის ბინა. მეუღლის სახელზეა 1998 წლის გამოშვების ავტომობილი - Honda CRV. რაც შეეხება გომელაურის ფინანსურ ანგარიშებს: ბანკ "ქართუში" სახელფასო ანგარიშზე - 4 300 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 150 დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს ვახტანგ გომელაურს 10 000 აშშ დოლარი და 7 000 ლარი ჰქონდა.  შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე ყოფნისას გომელაურის წლიურმა შემოსავალმა 8862.30 ლარი შეადგინა.

მორიგი დეკლარაცია ვახტანგ გომელაურმა 2014 წლის 27 მაისს კვლავ შს მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო. უძრავი ქონება უცვლელია. გომელაურის სახელფასო ანგარიშზე ბანკ "ქართუში" - 5306.19 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 120 დოლარი ფიქსირდება. დეკლარაციის შევსების მომენტში გომელაურს 20 000 აშშ დოლარი და 14 000 ლარი ჰქონდა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას მისმა წლიურმა შემოსავალმა 84112.34 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ვახტანგ გომელაურმა ბანკ "ქართუდან" იპოთეკური სესხით - 15 000 აშშ დოლარი - ისარგებლა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დაფაროს. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გომელაურს რემონტისთვის 30 000 ლარი დაუხარჯავს. თუმცა, სარემონტო ობიექტი დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.

მესამე დეკლარაცია შს მინისტრის რანგში ვახტანგ გომელაურმა მიმდინარე წლის ივნისში შეავსო. მის უძრავ ქონებაში ცვლილებებია. მეუღლის - ნინო კუდუხაშვილის სახელზე ფიქსირდება მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში 1 000 კვ/მ, ვარკეთილში მდებარე 20 კვ/მ ფართობის ავტოფარეხი და 56 კვ/მ ფართის სარდაფი. სამივე ქონების 100%-იანი მესაკუთრეც სწორედ ნინო კუდუხაშვილია. ვახტანგ გომელაურის სახელზე არსებული ბინა ვარკეთილში შს მინისტრმა 50 000 დოლარად გაყიდა. რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის სახელფასო ანგარიშებს: ბანკ "ქართუში" სახელფასო ანგარიშზე 7508,71 ლარი, ხოლო იმავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 50 076 აშშ დოლარი აქვს. ასევე, დეკლარაციის შევსების დროს, გომელაურის საკუთრებაში 32 5000 აშშ დოლარი, 18 000 ლარი და 3700 ევრო იყო.

შს მინისტრის მოადგილედ მუშაობისას მისმა წლიურმა შემოსავალმა - 147 627,03 ლარი, ხოლო შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე - 8283.05 ლარი შეადგინა.

სალომე გოგოხია