საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

"ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს"

ლარის დევალვაციის შედეგად გაძვირებული პროდუქტისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება. ეკონომისტების თქმით, ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს.

საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ლარის კურსის ვარდნის კვალდაკვალ პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი ნელ-ნელა უკვე ძვირდება. ინფლაციის დონემაც მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს უკვე მიაღწია. ლარის დევალვაციის ფონზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკვები პროდუქტი, საშუალოდ, 20-30%-ით გაძვირდა, პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებები - 25-30%-ით, მედიკამენტები - 15-17 %-ით და ა.შ. აგვისტოს მიწურულს პროდუქტებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ანალტიკოსები ვარაუდობენ, შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტირებული წილი 2011 წელს - 9,2% , 2012-2013 წლებში კი 9,7% იყო. რაც შეეხება 2014 წელს, შარშან ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 11,6% შეადგინა.

სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის თქმით, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განცხადებით, რამდენად გაიზრდება ღარიბთა რაოდენობა, ანუ იმ კონტიგენტის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე დაბალია, იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მივიჩნევთ სიღარიბის დონედ და თავდაპირველ ათვლის წერტილად რამდენპროცენტიან მაჩვენებლს გავითვალისწინებთ.  „ოფიციალურ მაჩვენებლად მიჩნეულია 20-20%, თუმცა არის სხვა ალტერნატიული შეფასებებიც, რომლის მიხედვითაც ეს ციფრები გაცილებით მაღალია და სადღაც 40-45 %-ის ფარგლებში მერყეობს. ფაქტი ისაა, რომ ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. როგორი მეთოდოლოგიითაც არ უნდა დავთვალოთ საარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვარი - ფასების ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ღარიბთა კონტიგენტის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. ამ კონტიგენტისთის ზოგადი ინფლაცია საგრძნობლად აღემატება ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელს,“- განაცხადა არჩვაძემ.

სოციოლოგ ნოდარ კაპანაძის თქმით, მართალია, დევალვაცია პირდაპირი ფაქტორი არ არის სიღარიბის ზრდის, მაგრამ თავისი გავლენა მაინც აქვს.

ამ ყველაფრით კი განსაკუთრებით ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც ფიქსირებულ სოციალურ გასაცემლებზე არიან დამოკიდებულნი. „მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანა დღემდე იმპორტზე დამოკიდებული „ტრუბის“ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, სებ-მა გასცა ერთი მლრდ ლარის რეფინანსირების სესხი, ეს თანხა არ არის საქართველოს ეკონომიკისთვის ცოტა, მაგრამ ის ფული მიდის იმპორტის დაფინანსებაში და არა ეკონომიკის რეალურ სექტორში. დღეს ბანკების მიერ ეკონომიკის რეალურ სექტორზე გაცემულია მთლიანი კრედიტის 10%-ზე ნაკლები, უდიდესი წილი სამომხმარებლო სესხზე მოდის. ბანკების მიერ სამომხმარებლო სესხებზე გაცემული ფულით მოსახლეობა ყიდულობს დოლარს ან იმპორტირებულ პროდუქციას და ფული გადის ქვეყნიდან. ანუ ფატრობრივად, „ტრუბის“ ფუნქციას ვასრულებს. სანამ ჩვენ „ტრუბის ფუნქციას“ შევასრულებთ , მანამდე რაღაც პოზიტიური შედეგების მიღებაზე საუბარი ცოტა რთულია,“- განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი დადებითი რაღაც კეთდება, მაგრამ ყველაფერი ეპიზოდურია. ეს ეპიზოდები თუ სტრუქტურაში არ ჩაიშვა და თუ ამ სტრუქტურის სისტემაში ინტეგრირება არ მოხდება, ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებული ვერ იქნება. ჩვენთან არის სისტემური პრობლემები, სისტემურ პრობლემებს კი სჭირდება ეპიზოდური ჩხვლეტები. „გარდა ამისა, ვიდრე არ შემუშავდება ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირების სტრატეგია, რომელიც პირადად რიგით მოქალაქეებზე იქნება მორგებული, სადაც საუბარი იქნება მიზნებზე, ამოცანებზე და ა.შ, პრობლემა ვერ მოგვარდება. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კი ისევ ისე მძიმე დარჩება,“- დასძინა კაპანაძემ.

საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. მისი სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამათუიმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ვეროპაში სიღარიბის მაჩვენებლის დათვლისას მნიშვნელოვანი „მისაწვდომობის კომპონენტია“, ანუ მოქალაქის ხელმისაწვდომობა სასურველი განათლების მიღებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ. საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯთან ასოცირდება. საქართველოში ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომლების საკუთარი შემოსავლის მესამედზე მეტს სურსათზე ხარჯავს, საკმაოდ დიდია. სპეციალისტების გათვლით, ეს ციფრი 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“