ნოდარ ხადური საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებას ელოდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები და გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები წარადგინა.

როგორც ნოდარ ხადურმა დღეს გამართულს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმა. ამასთან, მისივე თქმით, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება. მინისტრის განცხადებით, 2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე მიუთითებს.

"2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის ტენდენციით წინა წლებისგან განსხვავებით; 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, წელს, ისევე როგორც 2014 წელს, მოხდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთის დაგროვება; 2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში ბიუჯეტის ანგარიშებზე 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა, ხოლო წლის ბოლომდე, დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება მოხდება. "გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შეადგენს 1419 მლნ აშშ დოლარს (შემცირება შეადგენს 192 აშშ დოლარს); პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს; მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.