პოლონეთში 300 ტონა ოქროს ეძებენ

პოლონური მედია უჩვეულო აღმოჩენაზე წერს: ორმა მამაკაცმა მესამე რეიხის დროინდელი ოქროთი დატვირთული დაჯავშნული მატარებელი აღმოაჩინა. პოლონელმა და გერმანელმა მეგობრებმა აღმოჩენაზე იურიდიულ კომპანიას აცნობეს, აქედან კი ინფორმაციამ პრესაში გაჟონა. მპოვნელების განცხადებით, ისინი ნაპოვნი განძის ღირებულების 10%-ს ითხოვენ, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით.

ქალაქ ვროცლავის ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს ამ ინფორმაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, მატარებლის აღმოჩენის ადგილას მაინც გაიგზავნა სამხედროების ნაწილი, პოლიცია, იურისტები და მეხანძრეები.  როგორც "ბიბისი" პოლონელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, ოქროს გარდა მატარებელში ასევე არის ძირფასეულობა და იარაღი. ამასთან, პოლონური მედია წერს, რომ ამ მატარებელზე ლეგენდა ადგილობრივებში დიდი ხანია არსებობს, თითქოს ის დაიკარგა 1945 წელს კსენჟის ციხესიმაგრის მიმდებარედ, ქალაქ ვროცლავთან ახლოს.

ზოგიერთ პოლონურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის სიგრძე 150 მეტრია და მასში შესაძლოა, იყოს 300 ტონა ოქრო. როგორც ამბობენ, წითელი არმიის მისვლამდე ფაშისტები შეეცადნენ ძვირფასეულობის დაჯავშნული ვაგონით გატანას, მათ ვაგონების შემადგენლობა ქვედა სილეზიის ერთ-ერთი გვირაბისკენ დაძრეს, საიდანაც მატარებელი არ გამოსულა. როგორც ისტორიკოსმა ჯოანა ლამპარსკამ ვროცლავის რადიოს განუცხადა,  მატარებელი სავარაუდოდ გვირაბში დაიკარგა და ძვირფასეულობის გარდა მას ”საშიში ნივთებიც” გადაჰქონდა. წარსულში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მისი პოვნა ვერ ხერხდებოდა.

როგორც არ უნდა იყოს, სპეციალური კომისია ამჯერად საკითხზე მუშაობს.

კოკა კვირკველია