10 ვალუტა, რომელსაც გაუფასურება ემუქრება

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ჩინეთის საფონდო ბირჟის და ნავთობზე ფასების დაცემის შედეგად, არაერთი ქვეყნის ეროვნულ ვალუტას გაუფასურება ემუქრება. მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდეს საუდის არაბეთის ეროვნული ვალუტა რიალი, თურქმენული მანათი, სომხური დრამი, ეგვიპტური ფუნტი, თურქული ლირა, ასევე, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ნიგერიის, ზამბიისა და მალაიზიის ეროვნული ვალუტები.

როგორც "ბლუმბერგი" იუწყება, აღნიშნული ვალუტები ყახაზური ტენგეს გზას დაადგებიან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთი საათის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 22 პროცენტით გაუფასურდა. ტენგეს გაუფასურების მიზეზი ფიქსირებული მონეტარული პოლიტიკიდან თავისუფალი ცურვის პოლიტიკაზე გადასვლას უკავშირდება. ტენგეს შემდეგ გაუფასურება დაიწყო ყირგიზულმა სომმა. ბოლო მონაცემებით, დოლართან მიმართებაში სომის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ექსპერტების მოსაზრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება ნაწილობრივ რუსული რუბლის დევალვაციას უკავშირდება. რაც შეეხება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, მაგალითად, ეგვიპტეს, იქ ეროვნული ვალუტის გაუფასურება პოლიტიკური ფაქტორებით იქნება განპირობებული.