საბაჟო გამშვებ პუნქტებზე იარაღის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე იარაღის შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ჰ.ტ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა 50 ცალი პარაბელუმის სისტემის 9 მმ-იანი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

იმავე დღეს ანალოგიური კანონდარღვევა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ვალეს" ტერიტორიაზე. თურქეთის მოქალაქე ჰ.ა.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მათ აირის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI-MOD.914, ორი ცარიელი მჭიდი და 100 (ასი) ვაზნა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.