ვაუჩერების გაცემის წესში ცვლილებებზე საკრებულოს დახურულ სხდომაზე იმსჯელეს

კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესში ცვლილებებზე თბილისის საკრებულოში დახურულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრას თბილისის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, აკაკი დანელია და საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი აკაკი დანელიამ გააკეთა. მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ ეს სოციალური პროგრამაა და ის უნდა იყოს სოციალური ხასიათის.  "მას უნდა იღებდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური დახმარება და არა ყველა", - აღნიშნა აკაკი დანელიამ.

მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებისთვის მას მერიის მიერ შემუშავებული კონკრეტული ცვლილების პროექტი არ შეუთავაზებია, რადგან ეს ჯერჯერობით მუშა პროცესია.  "მუშა პროცესი მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სოციალურად დაუცველები დარეგისტრირებული არიან სისტემაშიც. თუ რომელ ქულაზე შევჯერდებით და რა ზღვარი იქნება აღებული, ამაზე საკრებულო და მთავრობა შეთანხმდება. კონკრეტული წინადადება ზღვარის დაწესების შესახებ ამ შეხვედრაზე არ წარმოგვიდგენია", - განაცხადა აკაკი დანელიამ.

მისივე თქმით, შესაბამისად, ჯერჯერობით არც ბიუჯეტის მოცულობაა განსაზღვრული თუ რამდენი ლარი გამოიყოფა კომუნალური ვაუჩერების დასაფინანსებლად. არსებული სისტემით, 70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველები ზამთრის თვეში 104 ლარს იღებენ, ხოლო 70 000 ქულის ზემოთ პირები 20 ლარს. სოციალურად დაუცველად 200 000-მდე ქულის მქონე პირები ითვლებიან.