8 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ

თქვენ წინაშეა საუკეთესო ტურისტულ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ვარიანტები. შეარჩიეთ და გაემგზავრეთ დასასვენებლად.

უნგრეთი

ყველაზე პოპულარული ქალაქი უნგრეთში ბუდაპეშტია. გოტიკური არქიტექტურა, მშვენიერი ლანდშაფტები, გამზირები და მოედნები, დიდებული ტაძრები, ასევე სტუმართმოყვარე უნგრელები ნამდვილად სასიამოვნო დასვენების გარანტია. სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი ერთი ღამე 40 ევროა. ამ ღირებულებაში შედის სრულფასოვანი საუზმე, ნომრის ყოველდღიური დასუფთავება. საექსკურსიო ტურის საშუალო ფასი კი 362 ევროა, ავიაგადაფრენის ჩათვლით, თუკი კარგ რეისს მოძებნით.

საბერძნეთი

ანტიკური ღმერთების ქვეყანა, სადაც მართლაც უამრავი რამ არის სანახავი, არც მანამდე იყო ძალიან ძვირი, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა კიდევ უფრო გააიაფა. საბერძნეთში ანტიკური ხანის ძეგლების გარდა, ეგეოსის ზღვითაც შეგიძლიათ დატკბობა. ათენი, კრეტა, პელოპონესი, ატიკა, როდოსი და სხვები - საბერძნეთის კურორტების რაოდენობა მცირე არ არის. საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.

საბერძნეთში 3-5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ერთსაწოლიანი ნომრის საშუალო ფასი 50 ევროა. ერთკვირიანი ტურის მიახლოებითი ღირებულება - 400-დან 500 ევრომდე. დღეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი სავიზო ქვეყანაა დამსვენებელთათვის. მაღალი კლასის სერვისიც კი არ ღირს ძალიან ძვირი. ბოლო დროს უძრავი ქონებაც საკმაოდ გაიაფდა და მსურველები ბინებსაც ყიდულობენ – ზღვის ნაპირზე ერთოთახიანი ბინის ფასი 25 ათასი ევროა.

ბულგარეთი

ტურისტის დანახარჯები ბულგარეთში ცხოვრებაზე, კვებასა და მგზავრობაზე არცთუ მაღალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი აქაც 40-დან 50 ევრომდე მერყეობს. სრული ტურის ღირებულება 550-650 ევროს ფარგლებშია. არც ისე ძვირ კაფეში სადილი ან ვახშამი 10-15 ევრო დაგიჯდებათ, ავტობუსით მგზავრობა - 0,4 ევრო, ტაქსით - 0,3 ევრო კილომეტრი.

ბულგარეთი განთქმულია თავისი ოქროს ქვიშებით, მაღალხარისხიანი სერვისითა და დაბალი ფასებით.

თურქეთი

ეს ქვეყანა ქართველებს კარგად ათვისებული აქვთ. ფასები დამოკიდებულია წელიწადის დროსა და იმაზე, რომელ ადგილას მიდიხართ. ანტალიის ტურის საშუალო ფასი 400 დოლარია, ბოდრუმის - 600 დოლარი, კუშადასის - 440 დოლარი. ორკვირიან ტურებს 1000- 1500 დოლარადაც ყიდულობენ.

არის სეზონური ფასდაკლებები, როცა გამგზავრება  შესაძლოა, ამ ფასის ნახევარიც კი არ დაგიჯდეთ. თურქეთში გარანტირებულია მაღალი სერვისი, კარგი კლიმატი, ზღვა და ექსკურსიები.

ტაილანდი

ბოლო დროს ქართველი დამსვენებლისთვის ეს ქვეყანაც მოდური გახდა. ტაილანდში სეზონის პიკი შემოდგომაზეა, ამიტომ, თუ იაფ ვარიანტებს ეძებთ, იქ ვიზიტი აპრილსა და მაისში უნდა დაგეგმოთ. მართალია, ბილეთი შედარებით ძვირი ჯდება, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრება და მოგზაურობა იაფია.

ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში დღე-ღამეში 15-25 დოლარად იცხოვრებთ. შედარებით ძვირია ქალაქი პატაია, უფრო იაფია კუნძულები - ფხუკეტი, სამუი, ჩანგი, პხი-პხი, სადაც თვეში 150-200 დოლარად იცხოვრებთ. პროდუქტიც ძალიან იაფია. 2 დოლარად ნებისმიერ კაფეში კარგად ისადილებთ. 100 დოლარად კი ჩემოდანს ტანსაცმლით გაავსებთ.

პოლონეთი

მთები, ტბები, მშვენიერი ბუნება, შუა საუკუნეების ციხეები, კოლორიტული სოფლები და თანამედროვე მეგაპოლისები - პოლონეთში ყველა იპოვის იმას, რასაც ეძებს.  არც ისე ძვირ სასტუმროში ნომრის ფასი 20 დოლარია. კაფეში 2,50- 4,50 დოლარად წაიხემსებთ, 15 დოლარად კი რესტორანში ივახშმებთ.

ეგვიპტე

ეგვიპტეც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. 7-8-დღიანი ტურის გამოძებნა 500 დოლარადაც შეიძლება. წითელი ზღვა, პირამიდები, ისტორია შერწყმული მაღალი კლასის მომსახურებასთან, ნამდვილად კარგი დასვენების საწინდარია.

ხორვატია

ძველი ქალაქები, მზიანი პლაჟები, უჩვეულო ბუნება - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფა-სებთან ერთად სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ნომერი 50 ევროდაც შეიძლება დაჯავშნოთ. რესტორანში სადილი 10-15 ევრო დაგიჯდებათ, ყოველდღიურად კი დაახლოებით 20 ევრო დაგეხარჯებათ.

წყარო: reitingi.ge