ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის დეფიციტია

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.38-დან 2.40 ლარამდე მერყეობს.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ნაწილში დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.33-2.34 ლარის ფარგლებში იბარებენ.

ამ დროისთვის ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის დეფიციტი აქვთ - სადგურის მოედანზე არსებულ რამდენიმე სავალუტო ჯიხურში დოლარის გაყიდვაზე მისი არქონის გამო უარი განაცხადეს.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში აცხადებენ, რომ დღეს დოლარი შედარებით გაიაფდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ერთი დოლარის ოფიციალურ ღირებულებად 2.4161 ლარი აქვს დადგენილი. სავალუტო ჯიხურებში ამის მიზეზად გუშინ არსებულ მაღალ კურსს ასახელებენ და ამბობენ, რომ გუშინ დოლარის შემოდინება მოხდა მოქალაქეებიდან, რამაც დღეს მისი ფასის კლება გამოიწვია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.4161 ლარია. ახალ გაცვლით კურსს, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ეროვნული ბანკი დღეს გამოაცხადებს.

თამარ ლალიაშვილი