სადაზღვევო კომპანიები სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას აჭიანურებენ

"სადაზღვევოში მითხრეს, როცა ყურძნის ფასი გახდება ცნობილი, ზარალსაც მაშინ აგინაზღაურებთო"

კახეთი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. პირველადი მონაცემებით, სეტყვამ ყვარლის რაიონში 2 000 ჰექტრამდე ვენახი 100%-ით გაანადგურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფერმერების უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სამეურნეო ზარალს არ აანაზღაურებს. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ წელს ყურძნის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კვლავ ამოქმედდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შეღავათები აგროსისტემაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა იმისა, რომ ფერმერებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს, დიდი ალბათობით, მომავალ წელს მათი უმრავლესობა მოსავალს კვლავ არ დააზღვევს. ამით კი, ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის დანერგვას ხელი ეშლება.

დახოცილი ფრინველი, დასეტყვილი ვენახები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ფერმერთა დიდი ნაწილი, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ბანკებში სესხის გადავადებას, ხოლო დაზარალებულები ზარალის დროულად ანაზღაურებას ითხოვენ. გლეხების თქმით, სადაზღვევო კომპანიები ზარალს მას შემდეგ აუნაზღაურებენ, რაც ყურძნის საბაზრო ღირებულება ცნობილი გახდება. კომპანიების ამგვარ გადაწყვეტილებას "ფერმერთა ასოციაციაში" ალოგიკურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ეს მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებაა.

"როდესაც სადაზღვევო კომპანიები მუშაობას იწყებენ და სახელმწიფო პროგრამას უერთდებიან, საიდანაც ისინი სუბსიდირებას იღებენ, მაშინ ზარალის ასანაზღაურებლადაც მზად უნდა იყვნენ. რას ნიშნავს, როცა ყურძნის ფასი გახდება ცნობილი, ზარალსაც მერე აანაზღაურებენ? უკვე აგვისტოს ბოლოა, ჩემთვის გაურკეველია რას ელოდებიან. მესმის, რომ სადაზღვევო კომპანიებსა და კერძო ორგანიზაციებს თავიანთი გათვლები აქვთ, მაგრამ ფერმერების მიმართ ასეთი მიდგომა სწორი არ არის. ამ ნაბიჯით ფერმერებში დემოტივაციას იწვევენ, რომ მომავალში თავის პროდუქცია აღარ დააზღვიონ", - ამბობს bpn-თან საუბარში "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

კახეთში პრაქტიკულად, ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ იქაურობა არ დაისეტყვოს. თუმცა, წლევანდელი წელი უპრეცედენტო აღმოჩნდა. ამ ზაფხულს მხოლოდ ყვარლის რაიონი (ორ თვეში) 3-ჯერ დაისეტყვა. პრაქტიკულად, მოსავლის 100% განადგურდა. მიუხედავად ამისა, ფერმერეთა უმრავლესობა მოსავლის დაზღვევისგან თავს იკავებდა და ბუნების იმედად ყოფნას ამჯობინებდა. თუმცა, წელს ბუნებამ იმდენჯერ გაუცრუა მათ იმედები, რომ დაზარალებულთა დიდი ნაწილის თქმით, მომავალი წლისთვის მოსავალს აუცილებლად დააზღვევენ.

ფერმერთა ის ნაწილი კი, ვინც აგროდაზღვევით ისარგებლა, სადაზღვევო კომპანიების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე ჯერ საუბარი არ არის.

ჭიკაანელ ილია გორგოძეს სეტყვამ მოსავალი სრულად გაუნადგურა: "ისეთი სეტყვა მოვიდა, რაც აქამდე არ მინახავს. რაც გვალვას და ამას წინათ მოსულ სეტყვას გადაურჩა, ისიც განადგურდა. ვენახის ძალიან მცირე ფართობი დაზღვეული მქონდა, დანარჩენი, რაზეც მთელ იმედს ვამყარებდი, მიწასთან გასწორდა. რამდენიმე დღეში ეს ნაკვეთი უნდა დამეზღვია, სადაზღვევო კომპანიიდან მოვიდნენ, აზომეს, ნახაზები შეადგინეს, მაგრამ დაზღვევა ვერ მოვასწარი, სეტყვამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. რაც დაზღვეული მქონდა იმის ანაზღაურება ჯერ არ მომხდარა. კომპანიაში მითხრეს, როცა ყურძნის ფასი გახდება ცნობილი, მერე ავანაზღაურებთო. გლეხებმა, ვინც ასეთ დღეში ვართ, გამგეობას დახმარება ვთხოვეთ, იქნებ ბანკებმა სესხი გადაგვივადონ, თორემ სულმთლად დავიღუპებით. მომავალ წელს ბალახსაც კი დავაზღვევ, ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე."

ახალსოფლელი გიგლა ალიაშვილი: "ჩემი ვენახის ნაწილი გადარჩა, მაგრამ მეორე ნაწილი განადგურდა. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს მოსავლის დაზღვევა გადავწყვიტე. სოფელში კარდაკარ დადიან სადაზღვევო აგენტები, ჩემთანაც იყვნენ, აზომეს ნაკვეთი, დაინაგარიშეს და წავიდნენ. ამის მერე ისინი თვალით არ მინახავს. ამასობაში კი, სეტყვამ მოგვისწრო და ყველაფერი გაანადგურა."

ფერმერთა ნაკლები ინფორმირებულობის პრობლემაზე საუბრობს "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე: "ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ფერმერთა ინფორმირებულობა. ფერმერთან ინფორმაციის სწორად მიტანა ვერ ხდება, რაც კვალიფიციური კადრების სიმცირის ბრალია. ჩვენთან ფერმები მოსულა და უთქვამთ, ვერ ვხვდებით, რა საჭიროა დაზღვევაო. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო 60% სუბსიდირებას ახდენს, დანარჩენი კი, გლეხის გადასხდელია. ფერმერების მასიურად და სწორად ინფორმირება თუ არ მოხდა, ეს დარგისთვის ცუდი იქნება. ისევე როგორც ბანკებმა იაფი აგროსესხების გაცემა დაიწყეს და უცოდინრობის გამო ბევრი შეცდომა დაუშვეს, არ იცოდნენ სასოფლო მეურნეობა როგორ უნდა შეეფასებინათ და თბილისში არსებული ბინები ბანკში არ უნდა ჩაედოთ, ასევეა დაზღვევაშიც. ერთიანი პროექტი უნდა არსებობდეს, როცა ჩანაწერები არ არსებობს, რა ფასებია, რა მოსავალს ელოდებიან, ამის გამო სადაზღვევო კომპანიებს პრობლემა ექმნებათ და სწორად გათვლის საშუალება არ აქვთ."

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, დაზარალებულ ფერმერებს უახლოეს მომავალში რესტრუქტურიზაციის კონკრეტულ გეგმას შესთავაზებენ.

"შეღავათიანი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის მქონე ფერმერებს ლარის დევალვაციის გამო სესხი გაუძვირდათ. ბანკები სესხს ბენეფიციარებზე დოლარში გასცემენ. ამ ეტაპზე ბანკებთან ერთად კონკრეტული რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, სესხის რესტრუქტურიზაცია შესაძლოა ლარში მოხდეს ან შეღავათიანი სესხები მთლიანად ლარში გაიცეს.

როგორც bpn-ს სადაზღვევო კომპანიებში განუმარტეს, ზარალის დათვლის პროცესი უკვე დაიწყეს და ანაზღაურება ეტაპობრივად მოხდება.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი"-ის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამით 2014 და2015 წელს 1 600 000 ლარზე მეტი აანაზღაურეს. მოცემულ მომენტში ასეთი 2, 295 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ყვარელში მომხდარი სეტყვის შედეგად, დაწყებული გვაქვს ზარალის შეფასების პროცესი. ინდივიდუალურად ხდება თითოეული ფერმერის ნაკვეთის მონახულება და ზარალის მოცულობის ზუსტი დადგენა. პროცესში მონაწილეობენ ჩვენი წარმომადგენლები, ექსპერტები და თავად დაზარალებულები. ზარალი ანაზღაურდება სრულად, პოლისის პირობებისა და ვადების დაცვით", - აღნიშნეს კომპანიაში.

სალომე გოგოხია