"რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ორი ავტომობილის შეძენაში 300 ათასამდე ლარი დახარჯეს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი ავტომობილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავის მერმა Volkswagen phaeton-ში და ქვემო ქართლის გუბერნატორმა Toyota landcruiser 200-ში ჯამურად, დაახლოებით 300 ათასამდე ლარი გადაიხადეს.

დეპუტატის განცხადებით, ამ შესყიდვით პირდაპირაა უგულვებელყოფილი პრემიერის დადგენილების მე-8 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უნდა აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა.

"დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ. მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომელის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს.

ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. მის არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებისაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც. მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში "არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია".

"იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა", – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.