რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგოსექტორში

მცოცავი ოკუპაციის პარალელურად, საქართველოში რუსული კაპიტალი იზრდება.

კომუნიკაციები, წყალმომარაგება, მინერალური წყლები და ბანკები - ეს ის სექტორებია, რომელშიც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილნი. თუმცა, მათი ყველაზე დიდი წილი ენერგოსექტორშია. რამდენად საფრთხისშემცველია რუსული კაპიტალის დიდი წილი საქართველოსთვის? რა მიზანი ამოძრავებს საქართველოს მთავრობას, როდესაც ის უფრო და უფრო მეტ რუს ინვესტორს უშვებს ქვეყანაში და რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან, თუ იგი მოახერხებს საქართველოს მთლიანი ენერგოსექტორის დაუფლებას? ნათელია, რომ აღნიშნული კითხვები შეშფოთებას იწვევს.

რუსეთის გავლენის სავალალო მაგალითები საქართველოდან არცთუ ისე შორსაა. მეზობელ სომხეთში რუსეთი არამხოლოდ ენერგოსექტორს, არამედ ქვეყნის მთელ ეკონომიკას აკონტროლებს. რამდენიმე თვის წინ, სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა. რუსეთის დომინირებამ და მისმა ზეწოლამ სომხეთი აიძულა, უარი ეთქვა ევროპულ მისწრაფებებზე და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი აერჩია. ახლა კი საქართველომ უნდა განსაზღვროს წინასწარ რუსეთის მოსალოდნელი ქმედებები მეზობელი ქვეყნის მაგალითზე. თუმცა, მსგავსი ტენდენცია ქვეყანაში ჯერჯერობით არ იგრძნობა.

IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ფინანსური მხარდაჭერით, "დამოუკიდებლობა.com"-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული კომპანია "ინტერ რაო" საქართველოს ენერგოობიექტების დიდ წილს ფლობს. მათ შორის "თელასს" (75%), შპს "მტკვარი ენერგეტიკა"-ს," ხრამჰეს 1" და "ხრამჰეს 2"-ს და "ენგურჰესს".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "ინტერ რაოს" მთავარი აქციონერები რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები არიან. უფრო მეტიც, "ინტერ რაოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი იგორ სეჩინია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

"ინტერ რაოს" გარდა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვა მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებსაც ფლობენ. მაგალითად, რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე შპს "ენერგია"-ს 70%-ს ფლობს. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაშია "დარიალჰესი", "ლარსიჰესი" და "შილდაჰესი". საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა.

"სხვა ენერგოობიექტები, რომელსაც რუსები ფლობენ, არის "ავანი ჰესი", "ალგეთი ჰესი" და "სკურდიდი ჰესი". ამასთან, რუსული და ქართული მხარე ერთობლივად ფლობს "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს", - წერია კვლევაში.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, სტრატეგიული ენერგოობიექტების რუსებისთვის მიყიდვა ახალი ტენდენცია არაა:

"ეს არ დაწყებულა 2014 ან 2015 წელს. კომპანიების გაყიდვა დაიწყო 2 000-იან წლებში. მაშინ შემოვიდა "ინტერ რაო" საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჯერ "ენგურჰესი" გადაეცა მას, შემდეგ კი "ხრამჰესი 1", "ხრამჰესი 2". აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2" გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. არც ერთ სხვა ინვესტორს არ ჰქონია შესაძლებლობა იმისა, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში, შესაძლოა, მათ უკეთესი პირობები შეეთავაზებინათ".

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის, იუჯინ კოგანის თქმით, რუსეთის სურვილია შეინარჩუნოს საქართველოზე არამხოლოდ პოლიტიკური კონტროლი, არამედ ეკონომიკური და სოციალურიც.

"რუსეთი გამუდმებით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსული კაპიტალის დიდი წილი საქართველოში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ინარჩუნებს საქართველოზე ეკონომიკურ და ფინანსურ ბერკეტს. ამ ბერკეტს საერთო არაფერი აქვს რუსეთის განცხადებებთან, რომლის მიხედვითაც რუსული ინვესტიციებით ის ჰპირდება საქართველოს ეკონომიკას დამატებით თანხებს და დასაქმებას. საქართველო ამით არ იქნება უზრუნველყოფილი. ამასობაში საქართველოს მოქმედი მთავრობა შეშინებულია რუსული კაპიტალის ნაკადით, თუმცა, სიჩუმეს ინარჩუნებს და ვერ ბედავს ანტირუსული ზომების მიღებას".

კოგანის თქმით, როგორც ჩანს რუსეთს სურს ენერგოკომპანიების უმრავლესობას დაეუფლოს და შემდეგ დანარჩენებს საკუთარი პირობები წაუყენოს. ეს აისახება ფასების რეგულირებაზეც. ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს შორეული "პერსპექტივაა", თუმცა, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაფერი ისე მოხდეს საქართველოშიც, როგორც სომხეთში მოხდა. მაგალითად, ახლა სომხეთში ელექტროენერგიის ფასებს რუსული მხარე განსაზღვრავს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ვერ ხედავს საშიშროებას, რომ რომელიმე ქვეყანა იქცეს ენერგო-მონოპოლისტად საქართველოს ენერგოსექტორში", - აღნიშნა ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ლიზა თავდუმაძემ.

ინვესტიციების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის ქვეყანას სამომავლოდ საფრთხეს არ შეუქმნის.

თამთა ჯიჯავაძე

წყარო: georgianjournal.ge