ერთ წელში კომერციული ბანკების მოგება 31%-ით გაიზარდა

გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, კომერციული ბანკების მოგება ისევ მნიშვნელოვნად იზრდება.

2015 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკების მოგება 31%-ით გაიზარდა. საბანკო სფეროს ექსპერტების შეფასებით, ლარის მერყეობამ საბანკო სექტორს დიდი მოგება მოუტანა. მართალია, საბოლოო შედეგის განსაზღვრისას გავლენა რამდენიმე სხვა ფაქტორმაც მოახდინა, თუმცა სავალუტო კურსს ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სპეციალისტების ვარაუდით, ეს პროცესი სამომავლოდ ბანკების სასარგებლოდ გაგრძელდება, რამდენადაც ლარის დევალვაცია მოსალოდნელია მომავალშიც და ინფლაციური პროცესის გავლენაც დიდი იქნება.

არსებული მონაცემებით კი, რასაც ეროვნული ბანკი ავრცელებს, ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი შთამბეჭდავ ციფრებს აღწევს. 2015 წლის იანვარ-ივლისში მან 282.014 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 31%-ით აჭარბებს. 2014 წლის პირველ 7 თვეში ბანკების წმინდა მოგება 214.877 მილიონი ლარი იყო. 2013 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 192,264 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2015 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 46%-ით ნაკლებია.

ექსპერტ ირაკლი დოღონაძის შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდის მაჩვენებელზე გავლენას ლარის გაუფასურებაც მოახდენდა. თუმცა, როგორც დოღონაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც.

"ბუნებრივია, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით საბანკო აქტივების გადაფასებასაც დიდი ეფექტი ექნებოდა, გამომდინარე იქედან, რომ 2014 წლის შესაბამის პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი ბევრად უფრო მყარი იყო. ამავე პერიოდში ბანკების პროცენტული შემოსავლების 25%-იანი ზრდაა დაფიქსირებული, საპროცენტო ხარჯების ზრდა კი 22%-ს შეადგენს. რაც შეეხება არაპროცენტულ შემოსავლებს, 2015 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 97%-ით, რომლიდანაც "სხვა არაპროცენტული შემოსავლების" ზრდის 201%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. აღნიშნულიდან აშკარად ჩანს, რომ კომერციული ბანკების წმინდა მოგების ზრდა მეტწილად განპირობებულია მათ მიერ არასაპროცენტო შემოსავლების ზრდით", - განმარტავს ირაკლი დოღონაძე.

აღსანიშნავია, რომ დიდი მოგების ფონზე, ბანკების მიერ გადახდილი გადასახადების მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 43,383 ლარით განისაზღვრა, რაც საბანკო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ძალიან მცირეა. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ინტერესს, ბანკების მოგებაზე არანაკლებ, საბანკო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების რაოდენობა იწვევს. ექსპერტების შეფასებით, ბიუჯეტში შესული თანხა გაცილებით მეტი უნდა იყოს და ბანკების ხელთ არსებული ფინანსური რესურსების შესახებ საზოგადოება რეალურ ინფორმაციას ფლობდეს.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა საუბრობს რამდენიმე ფაქტორზე, რამაც საბანკო სექტორის მოგება განსაზღვრა. პირველ რიგში, ის სავალუტო კურსს ასახელებს და ამბობს, რომ ლარის მერყეობამ კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.

კონვერტაციის საშუალებამ ამ სექტორს დიდი მოგება მოუტანა. გარდა ამისა, დიდი გავლენა იქონია რეფინანსირების განაკვეთის ზრდამაც, რადგან კომერციულ ბანკებს საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან ერთად, მეტი თანხა შემოსდით.

საერთაშორისო საბანკო პრაქტიკისგან განსხვავებით, საკომისიოების საპროცენტო განაკვეთები უპრეცენდენტოდ მაღალია. არის ბანკი, რომელიც სესხს საკომისიოთი გასცემს. მოგების ზრდის ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი მატულობს, სავარაუდოდ, 5%-ზე მეტი იქნება და ამ პროცესის კვალდაკვალ, საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელიც მოიმატებს. ცხადია, ამ პროცესს ხელს შეუწყობს ლარის დევალვაციაც, რაც ჩემი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება", - ამბობს ელიავა და საბანკო სექტორის მოგების გადასახადზეც დასძენს.

"მთელ მსოფლიოში ბანკები ამაყობენ, რომ დიდი მოგება აქვთ. საქართველოში რატომღაც ეს არ არის კომერციული ბანკების საამაყო საგანი. ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ საბანკო სექტორში არსებული სახსრები გადაეცეს ეკონომიკის სექტორს ან აჩვენონ ბანკებმა, რეალურად რა ფინანსური სახსრები აქვთ. ცალკე თემაა მათ მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ძალიან დაბალია", - აცხადებს ექსპერტი.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ექსპერტი პაატა გურიელიძე თვლის, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე ბანკებს ასეთი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს და არც მსხვილ ბიზნესს ულხინს.

ნამდვილად მიკვირს, რომ საქართველოში, წყალწაღებული ეკონომიკის ქვეყანაში, ბანკებს მილიონობით მოგება აქვთ. არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი და მიმართულება, რომელიც ასეთ მოგებაზე იმუშავებს. რაც მთავარია, ამ მოგებას საქართველოში ინაწილებს სულ 3-4 ბანკი. ისინი აკონტროლებენ ყველა ბიზნესს და სურთ, მთელი ბიზნესსექტორი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ამიტომაა, რომ ბანკების გარდა, გამართულად არაფერი მუშაობს.

მცირე და საშუალო ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანაში მსხვილ ბიზნესსაც უჭირს არსებობა. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესს ეხმარებოდნენ, ბანკებს თვალი ზემოგებისკენ უჭირავთ. დიდძალი ფულადი სახსრების მიუხედავად, ეკონომიკისთვის სახეიროს ვერაფერს აკეთებენ", - აცხადებს ექსპერტი.

არსებული მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. თუმცა, სულ 5 ბანკია, რომელიც ბაზარზე ამინდს ქმნის და თამაშის წესებს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, მთელი ფულადი რესურსიც მათ ხელშია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"