"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

"მთავრობამ იმაზე იფიქროს, ამ ჩამკვდარ ბიზნესს რითი უშველოს"

შაბათს რუსთავის ავტობა­ზრობას მივაშურე. ეროვნული ვალ­უტის კურსის ცვლილებამ­ თუ აზერბაიჯანში "ევრო 4" სტანდარტის­ შემოღებამ, რის შედეგადაც ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული­ მანქანების შეძენა აიკრძალა, ამი­ერკავკასიაში უდიდესი რუსთავის ავტობაზრობა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. რეგულაციების გამკაცრებამდე რუსთავის ავტობაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნ­იდან ჩამოყვანილ მანქანებს სწორედ აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობდნენ... ახლა აზერბ­აიჯანმა "ევრო 4" სტანდარტი­ შემო­იღო, სომხეთში კი ევრაზიული­ საბაჟო კავშირის გამო განბაჟება გაძვირდა. შესაბამისად, დღეს ეს ბიზნესი, პრაქტიკულად, მკვდარია.

რუსთავის ავტობაზრობაზე მისულს იქაურობისთვის უცნაური სიჩუმე დამხ­ვდა. თავიდან ვიფიქრე, სხვაგან ხომ არ გადაიტანეს-მეთქი (კარგა ხანია, ავტობ­აზრობის მცხეთაში გადატანაზეა ლაპარაკი),­ თუმცა, დამამშვიდეს, სწორად მოსულხარო...­ სხვა დროს ავტოსადგომზე ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით, ახლა იქაურ­ობა თითქმის ცარიელია. ავტომანქანებზე ფასის თითქმის განახ­ევრების მიუხედავად, მყიდველი მაინც არ ჩანს. არადა, დასვენების დღეებში ავტოსად­გომის დღიური ქირა 20 ლარს შეადგენს, კვირის დანარჩენ დღეებში კი 2 ლარს. ხალხს­ იმდენად გაუჭირდა,­ რომ ეკონომიის მიზნით ბევრს მანქანა სწორედ კვირაობით გამოჰყავს. თუმცა არც ამ დღეს არის კლიენტების ცვენა.

მარჯვენასაჭიან ვერცხლისფერ "სუბა­რ­უს­თან" შევჩერდი. ეტყობა, კლიენტის მოლ­ო­დინში გამყიდველს დრო გაჰყავს­ და ისედაც­ გაკრიალებულ მანქანას საგულდაგულოდ აპრიალებს. ფასს ვეკითხები,­ - 2.600 დოლარიო. ძვირია-მეთქი, დავიწუწუნე.­ აღშფოთებულმა, რას ამბობ, ფასს ისედაც დავუკელიო.

მამუკა უზნაძე, ავტოდილერი:

- რამ­დენიმე თვის წინ ამ მანქანას 2.800 დოლარად ვყიდდი. თუმცა ისეთი კრიზისია, ფასები განახევრდა, მაგრამ კლიენტი მაინც არ ჩანს. ქართველს ფული არა აქვს, აზერბაიჯანელები, ყაზა­ხები და სომხები კი აქ აღარ შემოდიან. აზერბა­იჯანის შეზღუდვებმა ძლიერი დარტყმა მოგვაყენა, სომხებს კი ავტომანქანები პირდაპირ ბათუმის პორტიდან მიჰყავთ.­ აქაურობა­ მკვდარია. შაბათს რუსთავის ბაზრობაზე ასეთი სიწყნარე გინახავთ? ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით­ შემცირდა.

- თბილისის მერის ცნობილი განცხადების­ შემდეგ მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა?

- გამოვიდეს ნარმანია, გამოიყვანოს თავისი გამგებლები და მარცხენასაჭიან ავტომანქანაზე დასხდნენ, მე კი მარჯვენასაჭიანზე და ვნახოთ, ვინ შექმნის საცობს - მე თუ ისინი.

რაც უნდა თქვან, მარჯვენასაჭიანს მყიდველი მაინც ჰყავს.­ თუმცა­ მოთხოვნა ოდნავ შემცირდა. არ ვიცი, ეს ნარმანიას განცხადებას უკავში­რდება თუ იმას, რომ ხალხს ჯიბე შეუთხელდა."

უშანგი ახვლედიანი, ავტოდილერი:

-"ავტომანქანები გაიაფდა, მაგრამ მყიდველი მაინც არ ჩანს. ვიღაც თუ გამოჩნდება,­ გვიხარია. იშვიათად, რომ ვინმემ იყიდოს.

- უმეტესად რომელი ქვეყნიდან შემოყვანილი ავტომობილი ჭარბობს?

- ბევრს იაპონიიდან შემოჰყავს. იაფია და ხარისხიანი. გერმანი­იდან შემოყვანილი მანქანა კაპიკად არ ვარგა, საშინელი გამონ­აბოლქვი აქვს, თანაც,"დაჩეხილია."მერე ვაჭრები კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც კი აკეთებენ, ალამაზებენ, რომ სარფიანად გაყიდონ. ასეთმა მანქანამ, დიდი-დიდი, ერთი წელი გაქაჩოს, ხან რა უფუჭდება, ხან - რა და შეკეთებაში იმდენი ფული ეხარჯებათ,­ სჯობს თავიდანვე ცოტა ძვირი გადაიხადონ და უკეთესი იყიდონ..."

- ავტობაზრობის მცხეთაში გადატანა­ თუ იგეგმება?

-რა მნიშვნელობა აქვს, მცხეთაში იქნება, რუსთავში თუ ბათუმში? კლიენტს ფული თუ აქვს, იქაც მივა და იქაც. მთავრობამ ჯერ იმაზე იფიქროს, ამ ჩამკვდარ ბიზნესს რითი უშველოს და მერე, სადაც უნდა, იქ გადაიტანოს ბაზრობა.

იაპონიიდან შემოყვანილი მანქანების რაოდენობა იზრდება

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი­ ამბობს, ოფიციალური სტატისტიკა იაპონიიდან შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ამას ავტოდილერებიც ადასტურებენ: "იაპონიიდან შემოყვანილი ავტომობილები იაფი და თითქმის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია, თანაც გამართული და შედარებით ხარისხიანია. თუმცა, მათი მთავარი პრობლემა მარჯვენა საჭეა, რადგან სხვანაირი მაშუქები აქვს და ავარიის ალბათობაც მეტია...."

სალომე გოგოხია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"