წლის ბოლოს მოსალოდნელია ორნიშნა ინფლაცია!

ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 5,4%-ს გაუტოლდა.

"საქსტატის" ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები წინა თვესთან შედარებით გაძვირდა 4,4%-ით. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9%), პური და პურპროდუქტები (3,6%) და ზეთი და ცხიმი (12,0%).

მოიმატა ჯანდაცვის ხარჯმაც, კერძოდ 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 9,1%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასების 13,1%-იანი ზრდა აღინიშნა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მას შემდეგ, რაც წლიური ინფლაცია ივლისში ოფიციალურ მიზნობრივ მაჩვენებელს - 5%-ს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 საბაზისო პუნქტით 6%-მდე გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის შემდგომშიც გაამკაცრებს თავის მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება.

გაამკაცრებს თუ არა მონეტარულ პოლიტიკას სებ-ი, ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუმცა აქედანვე ცხადია, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ფასების შემცირებას არ და ვერ გამოიწვევს. დევალვირებულ ლარს გუშინ ელექტროენერგიის ტარიფის მატებაც დაემატა, რასაც თავისთავად სხვა პოდუქციის გაძვირებაც მოჰყვება. ასე რომ, მალე ქვეყანას ფასების ზრდის მორიგი ტალღა გადაუვლის. გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. "ინფლაცია 9,5% იქნება თუ 11,5% ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ წინა წლებთან შედარებით, ინფლაცია ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწევს", - აცხადებს "რეზონანსთან"  საუბრისას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე და არ გამორიცხავს, რომ ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მართლაც გადააჭარბოს. ფასების ზრდა მოსახლეობის სოციალურ დიფერენციაციას კიდევ უფრო გაზრდის და იგი დაბალშემოსავლიან ადამიანებზე ერთბაშად აისახება.

"მთლიანობაში მოსახლეობას შემოსავალი შეუმცირდება და ამ დროს უფრო მეტად დაზარალდებიან მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები. ახლა უფრო მეტად მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები და საკვები ძვირდება. ამიტომ ახლანდელი ინფლაცია, 4 წლის წინანდელთან შედარებით, უფრო მძიმე და დრამატულია. ორნიშნა მაჩვენებელი გვექნება თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს ცხადია, რომ გამოწვევა რეალურია და ალბათობაც მაღალი", - განაცხადა არჩვაძემ.

ეკონომისტ დემურ გიორხელიძის პროგნოზით, ფასების ზრდა გარდუვალი იქნება. მისი აზრით, სექტემბრის მიწურულს ყველაფერი უფრო აშკარა და ნათელი იქნება. "რაც ახლა ხდება, მოულოდნელი არაფერია, ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაბურობთ. უნდა დაველოდოთ, თუ რას მოიმოქმედებს როგორც სებ-ი, ასევე მთავრობა და შემდგომ შეიძლება ითქვას რა მოხდება. ეკონომიკა არავის პატიობს შეცდომებს და არც საქართველოს ხელისუფლება იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს მთავრობა და ეროვნული ბანკი. გადააჭარბებს თუ არა ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს, ამის თქმა სექტემბრის ბოლოსთვის შეგვეძლება. არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა ხდება ქვეყანაში", -  დასძინა გიორხელიძემ.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება.

ამ დროს კი მოსახლეობა იძულებული იქნება უფრო ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, უფრო ნაკლები საკვები შეიძინოს, ვიდრე აქამდე ყიდულობდნენ. "უკვე რამდენიმე თვეა ყველაფერი მკვეთრად ძვირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მონეტარული პოლიტიკის ხარვეზია. ინფლაციის ზრდის სათავე სწორედ მონეტარული პოლიტიკის პრობლემებია. წლის ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, შეიცვლება თუ არა მონეტარული პოლიტიკა, მთავრობის მიერ გაწეული ხარჯი და ა. შ. თუკი შეიცვალა კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასები კიდევ გაიზრდება და ეს მძიმედ აისახება ხალხზე", - განაცხადა შეშელიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო : გაზეთი "რეზონანსი"