2,35 თუ 2,15 - ანუ სადამდე გამყარდება ლარი?

რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2.3854 ლარი ღირს. სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული უკვე იპოვა, ნაწილი კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობს. ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავრობაც.  როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ლარმა გამყარება კვირის დასაწყისიდან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ დაიწყო. მართალია, ამ სააგენტოს ჯერ არაფერი გაუკეთებია, თუმცა კურსის გასამყარებლად პირველი ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა - გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და გაყიდა 27 მილიონი დოლარი. სპეციალისტების პროგნოზებმაც ოპტიმისტური ხასიათი შეიძინა.

”ვითიბი ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. იგი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,35 – 2,40 ლარის ფარგლებში იქნება და ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული. ”რაც მოხდა, არ არის შიდა ფაქტორებით განპირობებული. შეიძლება, აბრალებენ შიდა ფაქტორებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად არის გარე ფაქტორებით გამოწვეული. ჩვენ გარშემო ქვეყნებს თუ შევხედავთ, თურქული ლირა 3-ს აღემატება დოლართან მიმართებაში. აზერბაიჯანულ მანათსაც იგივე მოუვიდა, დევალვაცია მოხდა ყაზახეთშიც, რუსეთში, უკრაინაში, ყველგან. ეს არის გარე ფაქტორებით გამოწვეული, შესაბამისად, თუ სტატუს - კვო იქაც შენარჩუნდება, ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული”, - აღნიშნა არჩილ კონცელიძემ ”კომერსანტთან” საუბრისას და დასძენს, რომ ახალი ნიშნული მომდევნო 6-7 თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე შენარჩუნდება. გაზაფხულის შემდეგ კი სიტუაციას რეგიონში არსებული მდგომარეობა განსაზღვრავს.

დაგროვების მართვის კომპანია ”პირადი ბანკირის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე კი გაცილებით ოპტიმისტია. მისი აზრით, ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული 2.2 ან 2.15 იქნება.

ბერძენაძე ამბობს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული, მათ შორის, შემოსული ინვესტიციების რაოდენობით, რომელიც ქვეყანაში შემოდგომაზე ყოველთვის იზრდება. ამას დაემატება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები და რეგიონის ქვეყნების ვალუტების გამყარება.  ”მიმდინარე კვირიდან ლარის გამყარების ტენდენციას სხვადსხვა ახსნა აქვს. ერთ-ერთი, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებული რეზერვებია. ასევე, რეგიონში მოქმედი ვალუტების გამყარება”, - განმარტავს ბერძენაძე.

სამომავლოდ ლარის კურსის კიდევ უფრო გაჯანსაღებას პროგნოზირებს ფინანსთა ყოფილი მინისტრი მირიან გოგიაშვილიც. მისი თქმით, მონეტარული აგრეგატები იმ დონეზეა დაბალანსებული, რომ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარიც ვერ გაყიდა. ”ეს მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც გამოცხადდებოდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ანუ უნდა მომხდარიყო მინიმალური ლიკვიდობის მიწოდება. განხორციელდა პირდაპირ მეორე ეტაპი და არ ვიცი, რომელია უფრო სწორი, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას ამ რაოდენობის დოლარზე მოთხოვნა არ ჰქონდა”, - აცხადებს გოგიაშვილი და ვარაუდობს, რომ თუ ადაპტირებული მონეტარული პოლიტიკა მჭიდრო პოლიტიკით შეიცვლება, სავარაუდოდ, ყველაფერი კარგად იქნება და ლარიც გამყარდება. ”ამ ოპერაციების შემდეგ ლარი ახალ წონასწორობას შეიძენს, რამდენი იქნება ეს წონასწორობა, ვერ გეტყვით, თუმცა კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება”, - განაცხადა გოგიაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ადასტურებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება და აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ”ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა დაადასტურეს სრული მზადყოფნა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება, ვინაიდან, მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საჭიროებას არ აჩვენებს”, - განმარტა ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ასევე დარწმუნებულია, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა და მეტად აღარ გაუფასურდება. ”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით. შარშან აგვისტოდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად შემცირდა მთავარი სავალუტო შემოდინებები, როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები და სხვა. ჯამურად ამ თანხამ წლიურად 1 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს ქართული ეკონომიკისთვის უზარმაზარი თანხაა, შესაბამისად, შემცირდა მათი ხარჯვა-მოხმარება, რამაც თავის მხრივ შეამცირა იმპორტი”, - ამბობს ქადაგიძე.

სტატისტიკური მონაცემებით კი, იმპორტი, ძირითადად, შემცირდა არა მოცულობაში, არამედ თანხაში, რაც გარკვეული იმპორტირებული პროდუქტის, განსაკუთრებით, ნავთობის ფასების კლებით არის გამოწვეული.

თუკი ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, წინა წლებთან შედარებით( გარდა 2013-14 წლებისა) ექსპორტის მაჩვენებლებში არც ისე დიდი სხვაობაა, ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი კი უფრო მეტად არის გაზრდილი. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ქვეყნის მთავარი ბანკირის ახსნა-განმარტებები ისევ ბუნდოვანია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“