"ის მითები, რომელსაც 20 წელია ვისმენ და ხმას არ ვიღებ, უნდა დავასრულო"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის გნცხადებით, საქართველოში ეროვნული ვალუტის შემოღების (მიმოქცევაში გაშვების) წეელი არის არა 1995 წლის 2 ოქტომბერი, არამედ 1993 წლის 3 აგვისტო.

ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს ქვეყნებს, რომელსაც bpn უცვლელად გთავაზობთ.

"ისტორიის გამყალბებლები!

2006 წლის 1 იანვარს თურქულ ლირას ჩამოაცილეს 6 ნული, რომელსაც ვალუტის დენომინაცია ჰქვია და გადავიდნენ ფასების ახალ მასშტაბზე. ეს იყო თუ არა თურქეთში ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება, ბანკნოტზე ლირის ნაცვლად ლარი რომ დაეწერათ თუნდაც? რა თქმა უნდა, -  არა.

საქართველოში ეროვნული ვალუტის შემოღების (მიმოქცევაში გაშვების) წელი არის არა 1995 წლის 2 ოქტომბერი, არამედ 1993 წლის 3 აგვისტო, როცა კუპონი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ გადახდის საშუალებად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 1995 წლის 2 ოქტომბერს მოხდა მისი დენომინაცია, 6 ნულის ჩამოცილება, უკეთესი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდვა და სახელის გადარქმევა.

არ გინდათ კუპონის ხსენება? გრცხვენიათ? დღესაც ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მის განადგურებაში? ნურას უკაცრავად!

ისტორიის გადაწერა ხდება ჩვენს თვალწინ. კიდევ ერთი: ლარს გამოუჩნდა უამრავი მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ნათლიაც კი.

ლარის ყველა ნომინაციის ბანკნოტი, ხურდა ფული თეთრი და პირველი ეროვნული პასპორტი მზად იყო 1993 წელს. იგი უშუალოდ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მონაწილეობით (ხელმძღვანელობით) შეიქმნა და არავითარი კავშირი ამას არა აქვს იმ ადამიანებთან, რომელთა დროსაც მოხდა მისი მიმოქცევაში გაშვება. ის მითები, რომელსაც 20 წელია ვისმენ, მათ შორის ამ დღეებშიაც და ხმას არ ვიღებ, უნდა დავასრულო:)

წერილს ვამზადებ 2 ოქტომბრისათვის.

ქვემოთ,სურათზე კი ხურდა ფულია, რომელსაც 1993 წელი აწერია. აკი 1995 წელს შეიქმნაო?!", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე".

bpn