ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი 1-ელ ოქტომბერს სემეკ-ის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ინფორმაციით, აქციას სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ენერგეტიკოსები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. "ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირმა ტარიფის კორექტირებამდე, რამდენჯერმე მიმართა თხოვნით სემეკს, რომ განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას 2015 წელსვე საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის 30%-იანი ზრდა გაეთვალისწინებინა. ეს თხოვნა მოტივირებული იყო ძირითად სამუშაოზე დასაქმებულთა დაბალი ხელფასებით (ხელზე ასაღები 300-დან 500 ლარამდე), ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობით, ლარის ინფლაციით და სხვა, რის გამოც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ კომპანიის რიგითი დასაქმებულები და მათი ოჯახები, სადაც ძირითადად, ოჯახის ერთი წევრია დასაქმებული. დღემდე საკითხი გადაუწყვეტელია", - ნათქვამია განცხადებაში.