აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 8.4 მლნ ლარით გაიზარდა და 352.2 მლნ ლარს გაუტოლდა

აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 8.4 მლნ ლარით გაიზარდა და 352.2 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის აგვისტოს "თვის მიმოხილვაში".

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3% იყო.  სებ-ის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 38.7% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.8 %-ს გაუტოლდა.  "საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის აგვისტოში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 11.0 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით და წლიური 18.8 პროცენტი დაფიქსირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე - 0.6 პროცენტული პუნქტით და წლიური 12.6 პროცენტი შეადგინა.  "საანგარიშო პერიოდში, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.0 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.8 პროცენტი შეადგინა", - ნათქვამია მიმოხილვაში.