ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წლიდან დღემდე 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით

2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს განვითარების გეგმის ქვაკუთხედს, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება.  "ზრდის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება - მიმზიდველი. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების უფლების დაცვა გარანტირებულია. მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 87 პროცენტით გაიზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. "მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი - უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა რომ თბილისმა ზაფხულში ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას 2015 წლის სუპერთასის გათამაშებას. "სპორტული ღონისძიებები იძლევა თანამშრომლობის გზით კონფლიქტების დაძლევის აღნიშვნის უნიკალურ შესაძლებლობას", - განაცხადა პრემიერმა.