ევროკავშირმა უკრაინას არჩევნებისთვის 3,5 მლნ ევრო გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად 3,5 მილიონი ევრო გამოყო, ამის შესახებ "ბიბისი" უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნული თანხა ადგილობრივ და საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციებს გადაეცემა. "ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ფინანსურ დახმარებას უწევს იმ პროექტებისთვის, რომლებიც, მიღებული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, სამართლიანი, გამჭვირვალე და ღია არჩევნების ჩატარებისკენ არის მიმართული", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება. ხმის მიცემის პროცედურა არ გაიმართება დონეცკისა და ლუგანკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე, ასევე ყირიმში. დონეცკსა და ლუგანსკში აცხადებენ, რომ საკუთარ არჩევნებს ჩაატარებენ, რასაც კიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.