2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტი დაფინანსება ჯანდაცვის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უწყებებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.

"საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები. მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2016 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3.0%, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონ ლარს, გრანტები 130 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს.  პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 8 მილიარდ 373 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 1 მილიარდ 438 მილიონი ლარი - აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები გაზრდილია 57,3 მლნ ლარით, მათ შორის, 44.2 მლნ ლარი წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების პროგრამის ფარგლებში სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შრომის ანაზღაურებას. 2015 წლის მანძილზე აღნიშნული სააგენტოს შრომის ანაზღაურება ფინანსდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისგან მიღებული სახსრებით, რომლებიც აღირიცხებოდა სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ნაწილში, ვინაიდან 2015 წელი წარმოადგენდა გარდამავალ წელს, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის ფუნქცია ადგილობრივი ხელისუფლებიდან ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში გადავიდა. 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად, 20 მლნ ლარამდე შრომის ანაზღაურება გაზრდილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასიგნებებში. ასევე საქონლისა და მომსახურებისთვის გათვალისწინებულია - 1 მილიარდ 008 მილიონი ლარი; პროცენტი - 477.1 მლნ ლარი; სუბსიდიები - 247.1 მლნ ლარი; გრანტები - 959.7 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 მილიარდ 967 მილიონი ლარი და სხვა ხარჯები - 1 მილიარდ 275 მილიონი ლარი.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული. მომავალი წლისთვის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა. 2015 წელთან (2 მილიარდ 785 მილიონი ლარი) შედარებით, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი გაზრდილია და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 3 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის - 2 მილიონ 183 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 799,5 მლნ ლარი, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის - 32,0 მლნ ლარი.

2015 წელთან (840 მილიონ 800 ათასი) შედარებით, გაზრდილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 975,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 572,9 მლნ ლარი, რომელიც განმარტებითი ბარათის თანახმად, ითვალისწინებს სკოლის პედაგოგების ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბერიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან 405 ლარამდე ზრდაა დაგეგმილი), ასევე ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს. გარდა ამისა, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 36,0 მლნ ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 174,0 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 94,4 მლნ ლარზე მეტი.

2015 წელთან (945 მილიონ 501 ათასი ლარი) გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 950,0 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 526.6 მლნ ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის - 246,2 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 170, 6 მლნ ლარი. 2015 წელთან (667 მილიონ 331 ათასი ლარი) შედარებით, გაზრდილია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 670,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.  2015 წელთან (591 მილიონ 650 ათასი ლარი) შედარებით, გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 595,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინასება, რომელიც შსს-ს 2015 წლის 1 აგვსტოდან გამოეყო, 95.0 მლნ ლარითაა გათვალისწინებული. ამასთან, შსს-ს ასიგნებებში 64,2 მლნ ლარი გათვალისწინებულია სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დასაფინანსებლად.

2015 წელთან (267 მილიონ 450 ათასი) შედარებით, გაზრდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული უწყებისთვის გამოყოფილია 281,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისთვის - 64.0 მლნ ლარამდე; შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის - 50,0 მლნ ლარი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები - 25.0 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვისთვის - 23 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 7 მლნ ლარზე მეტი; აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები - 10 მლნ ლარი.

2015 წელთან (150 მილიონ 500 ათასი) შედარებით, გაზრდილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 153,0 მლნ ლარი. 2015 წელთან (114 მილიონ 300 ათასი ლარი) შედარებით, გაზრდილია ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 135,0 მლნ ლარია გათვალისწინებული. 2015 წელთან (89 მილიონ 500 ათასი ლარი) შედარებით, გაზრდილია საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და მომავალი წლის პროექტის მიხედვით, აღნიშნული უწყებისთვის 100,0 მლნ ლარია გათვალისწინებული. 2015 წელთან შედარებით (94 მილიონ 900 ათასი ლარი) შედარებით, გაზრდილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 95,0 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

2015 წელთან (91 მილიონი ლარი) შემცირებულია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, უწყების დაფინანსებისთვის 90,0 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. 2015 წელთან (85 მილიონ 368 ათასი ლარი) შედარებით, შემცირებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წლის პროექტის მიხედვით, 85,0 მლნ ლარს შეადგენს (პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გათვალისწინებულია 20,0 მლნ ლარი). 2015 წელთან (69 მილიონ 800 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ბიუჯეტი და 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 75,0 მლნ ლარის გამოყოფა.  2015 წელის მსგავსად, 2016 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის 70,0 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

2015 წელთან (66 მილიონ 114 ათასი ლარი) გაზრდილია იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წელს ამ უწყებისთვის 68,5 მლნ ლარია გათავალისწინებული. 2015 წელთან (36 მილიონ 570 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა და 2016 წლის პროექტის მიხედვით, აღნიშნული უწყებისთვის გათვალისწინებულია 40,7 მლნ ლარი. 2015 წლის მსგავსად, მომავალ წელს იგივე ოდენობის დაფინანსებას მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 3 მილიონ 100 ათასი ლარი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1 მილიონ 200 ათასი ლარი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1 მილიონ 350 ათასი ლარი.  ამასთან, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წელთან (70 მლნ ლარი) შედარებით, მთავრობის სარეზერვო ფონდი შემცირდა და მომავალ წელს 50 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უცვლელი რჩება და მისთვის კვლავ 5 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა 620.0 მლნ ლარს შეადგენს.  2016 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს.