ნოდარ ხადური PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. მათივე ინფორმაციით, თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და მის შემადგენელ კომპონენტებში ბოლო წლებში განხორციელებულ სიახლეებზე, ინტეგრაციაზე სხვა სახელმწიფო სისტემებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, აგრეთვე, საქართველოში გადასახადის ერთიანი შემოსულობის სახაზინო კოდის დანერგვის პროექტზე.

სემინარი მონაწილეებს ასევე საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული სისტემების უსაფრთხოების კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება.  შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამ კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) ძირითადი ხაზინის მოდულები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს კარგად განვითარებული რგოლია. გასულ წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საბიუჯეტო კანონმდებლობაში, რომლის მიზანიც იყო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების მოქცევა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.