როგორ ბინებს ყიდულობენ თბილისში ლარის გაუფასურების შემდეგ

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება შეუძლებელია არ ასახულიყო არა მარტო უძრავი ქონების ბაზარზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტსა თუ მოთხოვნაზე.

ამის შესახებ m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეულწილად შემცირდა მოთხოვნა, თუმცა კომპანიის ახალმა პროდუქტმა - ოპტიმას ხაზის ბინებმა გაამართლა და მასზე მოთხოვნა გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გაუფასურება შეუძლებელია რომ არ ასახულიყო არა მარტო უძრავი ქონების ბაზარზე, არამედ ნებისმიერ სხვა სახის პროდუქტზე ან მოთხოვნაზე, თუმცა უძრავი ქონების ბაზრის კუთხით თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, მნიშვნელობა აქვს დავაკვირდეთ, რა კომპონენტებზე იქონია გავლენა ლარის კურსის გაუფასურებამ. ჩვენ თუ გავაანალიზებთ ჩვენს გაყიდვებს, ვნახავთ, რომ ბინების საკმაოდ დიდი ნაწილი იყიდებოდა და იყიდება იპოთეკური სესხებით. მოგეხსენებათ, იპოთეკური სესხები საქართველოში ძირითადად არის დოლარში, რაც განპირობებულია ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის დონით. მოსახლეობის შემოსავლების დიდი ნაწილი კი არის დენომინირებული, ფიქსირებული ლარში, შესაბამისად იმ ხალხს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ და უწევდა დოლარში სესხის აღება, ლარის კურსის გაუფასურებამ გავლენა იქონია ამ ხალხის მსყიდველუნარიანობაზე. ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ არის გარკვეული შენელება მოთხოვნის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ თვისობრივად ახალ პროდუქტს, ეს გახლავთ ,,ოპტიმას” ხაზის ბინები“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.

m2-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, კომპანიის ეს ახალი პროდუქტი თვისობრივად და ხარისხობრივად არის აბსოლუტურად იგივე, რაც სტანდარტული m2-ის ბინა, თუმცა ოთახების ზომა და ჭერის სიმაღლე არის შედარებით მცირე, ვიდრე სტანდარტულ პროდუქტში.

„როცა ვამბობ დაბალს, ვგულისხმობ ე.წ. ქართული სტანდარტებით. იმიტომ, რომ ოპტიმას ხაზში ჩვენი ბინების ჭერის სიმაღლე არის 2,7 მეტრი, რაც დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ითვლება საკმაოდ მაღალ ჭერად. შესაბამისად ბინის პარამეტრების ასეთმა შემცირებამ შესაძლებელი გახადა ხელმისაწვდომობა უფრო ფართო სპექტრის მომხმარებლებისთვის. ამ სპექტრში მოხვდა ის ხალხიც, ვისაც ლარის კურსის გაუფასურების გამო შეუმცირდა მსყიდველობითუნარიანობა, შესაბამისად, ვერ შეძლო უფრო დიდი ბინის ყიდვა და გადაერთო მომცრო ზომის ბინაზე“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.