ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი ნულოვანია

ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით მიღებული სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა არა მარტო ექსპორტს შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყანა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდებოდა. შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია.

რეალობა კი ასეთია: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1982 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 413 მლნ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1569 მლნ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა. მათ შორის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 7%-ით -28%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა მოხდა დსთ-ს ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან და უკრაინასთან ვაჭრობის შემცირების ხარჯზე.

ქართული ექსპორტისთვის კი ევროკავშირის კარის გაღებიდან 1 წელიწადზე მეტი გავიდა. შარშან, 1-ლი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დამატებით, 28 ქვეყნის 500-მილიონიანი ბაზარი გაიხსნა. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტის (გარდა ნიორისა, რომელიც სატარიფო კვოტას ექვემდებარება) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის ევროკავშირის ბაზარზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. იგი აძლევს საქართველოს საშუალებას, ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი პუნქტიდან სამის - საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის - თავისუფალი გამოყენება.

"შეთანხმების ამოქმედების შედეგად საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადის მატებას, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - აცხადებდნენ მთავრობაში და დასძენდნენ, რომ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს - 4%-ით, ხოლო ექსპორტს 12%-ით გაზრდიდა.

ჯერჯერობით თხილი, მწვანილი, დაფნა - ეს ის პროდუქტებია, რომლებმაც ევროკავშირში შეღწევა მოახერხეს და თავისუფალი სივრცის პრინციპებით მოქმედებენ.

მცირე რაოდენობით გადის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები. 13 თვის თავზე DCFTA-ს სიკეთე სულ ამით შემოიფარგლება. მიუხედავად ამგვარი მაჩვენებლისა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ არა გლობალური პრობლემები, ექსპორტი უფრო მეტი იქნებოდა.

"აშკარად უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ბუნებრივია, გვინდა ექსპორტი 1%-ით კი არა, 21%-ით გაიზარდოს, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერი შეფარდებითია. დოლარის გამყარებამ გავლენა მოახდინა ევროპის ბაზარზეც. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადებით ბევრი შეკვეთა დაკარგა და პირდაპირი ზარალი 100 მლრდ ევროს აღემატება. შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა. ასეთ პირობებში 1%-იანი ზრდა პოზიტიური მაჩვენებელია", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ევროკაშვირის ბაზარზე მოსახვედრად მხოლოდ კარის გაღება საკმარისი არ არის, ქართველმა მეწარმეებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. "ევრობაზარი არ მოიწყენს იმის გამო, თუკი იქ ქართული პროდუქტი არ ჩავა. უპირველესად ქართული ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გადახდისუნარიან, ინსტიტუციურად მოწესრიგებულ 500-მილიონიან ბაზარზე გავიდეს",-ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მოქმედებს პროექტი -"აწარმოე საქართველოში". ეს პროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტის რეკლამირებისთვის კონკრეტული პირების გადამზადებას.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, შესაძლებლობამ გაუსწრო რეალურ შედეგს. ფაქტობრივად, ქართველი მეწარმეები ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ჯერ კიდევ არ არიან მზად. "შეიძლება ითქვას, რომ დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უფრო მეტად იზრდება. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ ბაზარზე გასვლის მეტი შესაძლებლობა შეიქმნა. ამ დროს ჩვენ ვერ შევძელით სწრაფად გამოგვეყენებინა ის რეალობა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვცა. ჯერჯერობით ქვეყანას საექსპორტო პროდუქტი არ აქვს, ანუ შესაძლებლობამ გაუსწრო რეალურ შედეგს. საქართველო ჯერ კიდევ ძიების პროცესშია. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა დროულად გამოვიყენოთ", - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის განცხადებით კი, ექსპორტის ზრდის მოლოდინის შექმნა არასწორი იყო და ამაზე არაერთი კვლევა მიუთითებდა. არსებობდა უფრო ლოგიკური მოსაზრება, რომ შემოვიდოდნენ ინვესტორები და შეიქმნებოდა ახალი საექსპორტო პროდუქცია, თუმცა მთავრობის არაერთგვაროვანმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეს მოლოდინიც ვერ გაამართლა. "შიდა კოოპერირების თვალსაზრისით ექსპორტი არ გაიზრდება, ხოლო შიდა დარგობრივი ვაჭრობის დონეც დაბალია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან ექსპორტი სწრაფად ვერ გაიზრდებოდა. იმ მოვლენებმა, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოსა და საქართველოში, პარალელურად ჩვენი მთავრობის არათანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეს შესაძლებლობა, ჯერჯერობით, გამოუყენებელი დატოვა",- მიიჩნევს გიორგი ღაღანიძე.

ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდის მოლოდინი მთვარობამ ამჯერად 2016 წლისთვის გადაწია. გაისად კი არჩევნებია და ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ნაკლებად მოსალოდნელია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"