აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2013-2014 წლებში სასჯელაღსრულების უწყებაში პრემიები დაუსაბუთებლად გაიცემოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც უწყებაში 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებს შეეხება.

"აუდიტის შედეგად გამოვლინდა თანამშრომელთა პრემირების გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის ფაქტები. კერძოდ, 2013 წლის განმავლობაში ერთჯერადად გაცემული მაქსიმალური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20,000 ლარს, რომელიც გაცემულია დეკემბრის თვეში. ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე თანამშრომელზე დეკემბრის თვეში 2 და 4-ჯერ პრემიის გაცემის ფაქტებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირების დანიშვნა განხორციელდა 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წლის ბოლოს მათზე პრემიის სახით ზემოაღნიშნული თანხების გაცემა დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთება, თუ რა დამსახურებისთვის გაიცა მათზე პრემია - სათანადოდ ვერ იქნა წარმოდგენილი", - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება 2014 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს აპარატში, 2014 წლის ივლისში ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით პრემიის და იმავე პირებზე დანამატის დარიცხვის ფაქტს, რაც ჯამურად შეადგენდა 10,615 და 10,380 ლარს. "ამით დაირღვა სამართლებრივი აქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.