ვინ ახდენს გავლენას ფინანსურ ბაზრებზე?

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია მათ შორის, ვინც ფინანსურ ბაზრებზე გავლენას ახდენს.  „ბლუმბერგი“ 50-კაციან სიას აქვეყნებს, სადაც ცნობილ ბიზნესმენებთან, მეცენატებთან და ინვესტორებთან ერთად, პოლიტიკური ლიდერებიც მოხვდნენ. რეიტინგში მეორე ადგილს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს - ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იკავებს.

მესამე ადგილზეა კომპანია Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, რომელმაც 2011 წელს ამ პოსტზე სტივ ჯობსი ჩაანაცვლა.  მეოთხე ადგილს რეიტინგში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ფინანსისტი - ლარი ფინკი იკავებს. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „Blackrock“-ი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი სწორედ ფინკია, მსოფლიოს მასშტაბით 4 ტრილიონ 700 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს. მეხუთე ადგილზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ინვესტორი და ცნობილი მეცენატი უორენ ბაფეტია. 2015 წლის მონაცემებით, მისი ქონება 72,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. „წესი პირველი: არასდროს დაკარგო ფული. წესი მეორე: ყოველთვის გახსოვდეს წესი პირველი“, -ეს ციტატა სწორედ უორენ ბაფეტს ეკუთვნის.

„ბლუმბერგის" ტოპ-ათეულში მოხვდა ორი პოლიტიკოსიც. ესენია აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მე-9 ადგილით.  ბლუმბერგის რეიტინგში მოხვდნენ ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე მარიო დრაგი (მე-14-ე ადგილი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი (38-ე ადგილი) და რომის პაპი ფრანცისკე (31-ე ადგილი).