ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

საგარეო ვალის თემა საკმაოდ მტკივნეულია საქართველოსთვის. ის, რომ ვალი აქვთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან დღეს აღებული ვალი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გაანალიზა 1992-2015 წლებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ძირითადი მონაცემები და ასეთი დასკვნა დადო: 1992-2015 წლებში, ქართულმა სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით დაახლოებით 6.65 მილიარდი აშშ დოლარი ისესხა.

სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს, მაგრამ ჯამურად ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი). საერთოდ კი, სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.9%-ია. მართალია, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საშიშროებას არ უქმნის, მაგრამ ეს არის ძვირად ღირებული ფინანსური რესურსი, რომელიც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების და ჩვენი მომავალი თაობის ტვირთს.

საგარეო ვალი კიდევ უფრო გაიზარდა ლარის დევალვაციის შედეგად.

კერძოდ, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი ანუ 31.8 მლრდ ლარი შეადგინა. წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, კერძო საგარეო ვალი კი - 8.2 მლრდ აშშ დოლარია. თუ სახელმწიფო ვალის ზრდის დინამიკას გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 2003 წლიდან 2007 წლამდე მთლიანი სახელმწიფო ვალის პროცენტული წილი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით იკლებდა, 2007 წლიდან 2010-ის ჩათვლით კი, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. 2010 წლიდან 2013 წლამდე სახელმწიფო ვალი ისევ კლებას იწყებს და 2013 წელს 32.2%-მდე ჩამოდის. 2014 წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება 35.6%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, საპროგნოზო მაჩვენებელი 36.3 პროცენტი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე 38,1 პროცენტია.

bpn.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს ესაუბრა.

- წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რა გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამ ამ პროცესზე?

-  პირველ რიგში, გაგვიძვირდა ვალი, რომელიც სახელმწიფოს დოლარში აქვს აღებული, ხოლო ლარში აღებული არ გაძვირებულა. ნაწილობრივ, სწორედ ამით უნდა აიხსნას საგარეო ვალის ზრდაც. მთლიან შიდა პროდუქტს თუ შევადარებთ, ჩვენი ვალის მოცულობა კატასტროფული სულაც არ არის, მაგრამ ეროვნული ვალუტის დევალვაცია საქმეს ძალიან ართულებს: საქმე ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას შემოსავლები ლარში აქვს და მერე მის კონვერტაციას ახდენს დოლარში. ვალი, რომლის გადახდაც სახელმწიფოს დოლარში უწევს, მისთვისაც ისეთივე მძიმე ტვირთია, როგორც ჩვენთვის - კერძო პირებისთვის. ვალი, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული, ძირითადად მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ვალია და დიდ სირთულეებს არ გვიქმნის, რადგან ამ ორგანიზაციებთან ყოველთვის არის შესაძლებელი რესტრუქტურიზაციაზე, ან სხვა ტიპის შეღავათებზე ლაპარაკი. ამიტომ, სიმძიმეს ქმნის არა იმდენად ვალი, არამედ ის, რომ ლარში გამოხატული, ეს ძალიან დიდი თანხაა.

- ცნობილია, რომ სახელმწიფო საგარეო ვალი უკვე მშპ-ის 38.1 პროცენტია და საპროგნოზოო მაჩვენებელს აჭარბებს. ამაზე რა შეიძლება ითქვას?

- 38,1 პროცენტი მშპ-თან მიმართებით საგანგაშო არ არის. თუ ეს თანხა საინტერესო, შემოსავლიან პროექტებში იქნება დაბანდებული, მხოლოდ ზრდას მოგვცემს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო ვალს არ იღებდეს, მაშინ ჩვენი ეკონომიკა სულ ჩამოიშლებოდა, ან ზრდის უფრო დაბალი ტემპები გვექნებოდა. საგარეო ვალი არის სტიმული ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ტვირთი, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ. ამ ორ ალტერნატივას შორის არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

- რამდენად პრობლემურია საბანკო სექტორის საგარეო ვალი, რომელიც 2.8 მლრდ დოლარს (6,3 ლარს) უტოლდება?

-  საბანკო სექტორის ვალი ეს არის ფულადი რესურსი, რომელსაც ადგილობრივი კომერციული ბანკები უცხოური ბანკებიდან მოიზიდავენ, მერე კი, ამ რესურსს კრედიტების სახით გასცემენ. საქართველოში დანაზოგების წილი ძალიან დაბალია, ამიტომ საბანკო სექტორი იძულებულია თანხა უცხოური ბანკებიდან ისესხოს. ჩვენდა სასიხარულოდ, საბანკო სექტორი გამართულად მუშაობს და არა მგონია მისი ვალი რაიმე პრობლემას ქმნიდეს. პრობლემა ის არის, რომ ამ ვალს ისინი უმატებენ აქაურ რისკებს, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს. ამიტომ, ყველაზე დიდი საფიქრალი საპროცენტო განაკვეთებია და არა ის თანხა, რომელსაც ბანკები უცხოური საბანკო სისტემიდან მოიზიდავენ. მათ ჯერ უცხოურ ბანკებს უნდა გადაუხადონ საპროცენტო განაკვეთი და მერე ეს თანხა კრედიტის სახით ჩვენს მოქალაქეებზე გასცენ. ლარის გაუფასურება და სხვა რისკები თავისთავად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, ეს კი, საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს.

- რამდენად პრობლემური იქნება ვალი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ეროვნული ვალუტის დევალვაცია გაგრძელდება?

- არსებობს კრიტერიუმი, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ქვეყნის ვალი მშპ-ის 60%-ს გადააჭარბებს, მაშინ შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ჩვენ ჯერჯერობით ზომიერ ფარგლებში ვართ, მაგრამ თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდება, ბუნებრივია, დოლარში აღებული სესხები პრობლემებს შეგვიქმნის. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, ამერიკისა და იაპონიის ვალი მშპ-ის 100%-ს ბევრად აჭარბებს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. საბოლოოდ კი ისევ ამ დასკვნამდე მივდივართ: მთავარია, რამდენად გადახდისუნარიანია ქვეყანა და რამდენად გონივრულად იყენებს აღებულ ვალს.

ხათუნა ჩიგოგიძე