სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება იზრდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" 2016 წლის ბიუჯეტის მოკლე შეფასებას ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლის შემდეგ პირველად შეიძლება ჩაითვალოს პროგრამულად, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 2. იზრდება განათლების და მეცნიერების დაფინანსება (134.3 მილიონი ლარი, 15.98%). 3. მთავრობამ პირველად წარმოადგინა ფისკალური სექტორის 2015-2019 წლების მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი. მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში კვლავაც არის პრობლემატური საკითხები. წარმოგიდგენთ ჩვენს მოკლე შეფასებას წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

1. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, მაშინ როცა 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356.6 მილიონი ლარით იზრდება, რაც 4.45%-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით ზრდა, რაც 5.08%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს სახელმწიფო შეეცადა ხარჯების შემცირებას ლარის გაუფასურების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის გამო, გაუგებარია რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა.

1.1 სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურების ზრდა

2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება უკვე 85.1 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით.

2. ბიუჯეტის სოციალური ორიენტაცია

უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში ბიუჯეტი სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული და არ ხდება თანხების მაქსიმალურად მობილიზება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. 2016 წელს წინა წელთან შედარებით, 285 მილიონი ლარით (10.23%) იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:

სოციალური დაცვის გაზრდილი ხარჯები, ძირითადად, (1) მოსახლეობის სოციალური დაცვაზე (6.96%-იანი ზრდა, 142 მილიონი ლარი), (2) საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მილიონი ლარი, 6.47%) მოდის. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, სოციალური დაცვის ხარჯები ჯამში 232 მილიონი ლარით იზრდება. ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები კი (1) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე (100 მილიონი ლარი, 21.28% ზრდა) (2) C ჰეპატიტის მართვაზე (22 მილიონი ლარი). აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს პროგრამა არ იყო მოცემული. ამასთან, შესაძლებელია ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების გაზრდა იმითაც არის გამოწვეული რომ 2016 წელი სქართველოში საარჩევნო წელია.

იხილეთ სრულად