რუსეთის სარეზერვო ფონდებში თანხა იწურება

რუსეთის სარეზერვო ფონდების თანხები შესაძლოა, 2017-18 წლებში ამოიწუროს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტატიანა ნესტერენკომ განაცხადა. „ბიუჯეტის ასეთი დეფიციტის დროს, როცა მისი შევსების რესურსები შეზღუდულია, როცა საგარეო ბაზარი არ გვაქვს, შიდა ბაზარი კი შეზღუდულია, კერძო სექტორში განვითარებასა და ინვესტიციებზე საუბარი შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ნესტერენკომ.

მიმდინარე წლის აპრილში, რუსეთის სარეზერვო ფონდისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის თანხების ამოწურვაზე ხელისუფლებას ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვიც აფრთხილებდა. „თუ ხარჯების ოპტიმიზირებას არ მოვახდენთ და სარესურსო უზრუნველყოფის მოცულობას შევინარჩუნებთ, ფონდების რეზერვი 1,5-2 წელიწადში ამოიწურება“, - აცხადებდა სილუანოვი.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წლის ბოლოს სარეზერვო ფონდი 3,379 მილიონ რუბლამდე, 2016 წლის ბოლოსთვის კი - 1,249 ტრილიონ რუბლამდე შემცირდება.