e-bay-ზე ქართული მარკა 630 174 დოლარად იყიდება

e-bay-ის აუქციონზე საფოსტო მარკის ,,ტფილისის უნიკას“ საწყისი ფასი 630,174 აშშ და შესაბამისად, 555,000 ევროა. როგორც იბეის აუქციონზეა მითითებული, მარკა ერთ-ერთი უძველესია და ის თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო გადახდების დროს გამოიყენებოდა. დღეისათვის მსოფლიოში ამ მარკის სულ რამდენიმე ეგზემპლარია ცნობილი.

,,ტიფლისის უნიკა“ უიშვიათესი საფოსტო მარკაა, რომელიც 1857 წელს დაიბეჭდა. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე ხნის განმავლობაში და თბილისის საქალაქო ფოსტაში გამოიყენებოდა, თბილისსა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. დღეისათვის ,,ტიფლისის უნიკის“ სამი გამოუყენებელი ეგზემპლარია შემორჩენილი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად, აუქციონზე 2008 წელს იყო გამოტანილი, მაშინ აღნიშნული საფოსტო მარკა 700 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ,,ტფილისის უნიკა“ ყველა ფილატელისტურ კატალოგშია მოხსენიებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული და იშვიათი საფოსტო მარკა.

მარკის შესაძენად განაცხადი, ჯერჯერობით, არცერთ კოლექციონერს გაუკეთებია, აუქციონის დასრულებამდე 7 დღეზე ნაკლები რჩება.

საქართველოს ფოსტის გაყიდვების მენეჯერის, ნინო ინწკირველის თქმით, საქართველოში 200-მდე ფილატელისტია, რომლებიც ყოველწლიურად ავსებენ თავიანთ კოლექციას ახალი ქართული მარკებით. ქართულ მარკებზე მოთხოვნა, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლექციონერებს აქვთ. რაც შეეხება ,,ტფილისის უნიკას,“ ნინო ინწკირველის თქმით, აღნიშნული მარკის განსაკუთრებულად მაღალი ფასი სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარეობს.

ქრისტინე გამთენაძე