"ქართული კარტოფილი თურქეთიდან ორი-სამი თვის შემდეგ უკან შემოაქვთ და სამმაგ ფასში ყიდიან"

ახალქალაქსა და ახალციხეში მოყვანილი კარტოფილის რეალიზაცია კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ადგილობრივ მწარმოებელთა თქმით, ორივე რაიონის სოფლებში უკვე გამოჩდნენ თურქი და სომეხი ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ კარტოფილს, კილოგრამს 30-40 თეთრად ყიდულობენ.

ახალციხელი კარლო მასოიანის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას სამაცივრე საწყობები არ აქვთ, რის გამოც, პროდუქციის შენახვას ვერ ახერხებენ და გაფუჭებასა და გადაყრას მინიმალურ ფასში ჩაბარებას ამჯობინებენ. "ახლა თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოდიან ბიზნესმენები. ტონობით მიაქვთ ჩვენგან კარტოფილი, იქ მაცივრებში ინახავენ და ორი-სამი თვის შემდეგ, შემოაქვთ საქართველოში და სამმაგ ფასში ყიდიან", - ამბობს მასოიანი.

იგივე პრობლემა აქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგაშენის მკვიდრს, ალბერტ ფალიანს. მან 2 ჰა მიწაზე 23 ტონა კარტოფილი მოიყვანა, გადამყიდველებს არ დაელოდა და გადაწყვიტა მოსავლის ერთი ნაწილი თავად გაეყიდა, ნაწილი კი სარდაფში შეინახა. "იმხელა ფართი არ მაქვს, რომ 23 ტონა კარტოფილი ორი-სამი თვე შევინახო. ამიტომ გადავწყვიტე, ნაწილი მაინც გამეყიდა, მაგრამ თბილისში გაჩერების არც დრო მქონდა და არც საშუალება. ყველაზე მაღალი ფასი, რაც თბილისში კილოგრამი კარტოფილისთვის შემომთავაზეს 35 თეთრი იყო, 20-თეთრიანი კლიენტიც მყავდა. მანქანაში რამდენ ხანს უნდა მეცხოვრა და საბოლოოდ "კაპიკებში" ჩავაბარე ჩემი ნაწვალები. არადა კარტოფილი ჩვენთვის "მეორე პურია". მოვიყვანთ და შემდეგ იმაზე ვფიქრობთ, სად გავყიდოთ. არ მოვიყვანთ და მშიერი ხომ ვიქნებით. თუმცა, არც მოსავლის გაყიდვით ვაგვარებთ სოციალურ პრობლემებს. თხილს ეშველა, ყურძენსაც ასეთ თუ ისე ეშველა, კარტოფილზე კი ჯერჯერობით არავინ ფიქრობს", - ამბობს ახალქალაქის მცხოვრები და იმედს იტოვებს, რომ ოდესმე მათ პრობლემასაც ეშველება.

ლალი პაპასკირი