რამდენიმე დღეში ლარი გამყარებას დაიწყებს

ლარის კურსი გამყარებას იწყებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები მხოლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ არსებულ ვითარებაში დანაზოგი ლარში გააკეთონ და არა - დოლარში. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პარასკევსა და ორშაბათს "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ლარს, ძირითადად, გამყარებისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ბოლო 2-3 დღეა, დოლართან მიმართებაში სხვა ქვეყნის ვალუტებიც მყარდება. ამიტომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ლარი კიდევ უფრო გამყარდება.

არჩილ ბაკურაძის განცხადებით, კურსის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, თუმცა წარმოდგენილი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაანალიზებით, ლარის გამყარება ბუნებრივი მოვლენა იქნება. "გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ეკონომიკის შედეგები კურსის ფორმირებას ყოველთვის არ განსაზღვრავს. ამ პროცესზე გავლენას ახდენს დოლარის პოზიცია სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში", - ამბობს არჩილ ბაკურაძე.

ამ მხრივ კი, აღსანიშნავია ის, რომ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი იგივე დატოვა. ამ ფაქტმა ამერიკული ვალუტის გაუფასურებას მისცა ბიძგი. ბოლო დღეებში სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში მყარდება. "ქართული ლარიც ამ ტენდენციას აჰყვება. გარდა ამისა, ელექტრონული სავალუტო ვაჭრობიდან ჩანს, რომ უფრო დიდი მოთხოვნა ლარზეა. კომერციულ ბანკებს დოლარის მარაგი ჰქონდათ და მათ ნელ-ნელა ყიდიან. ეს იმის ნიშანია, რომ კურსი გამყარებისკენ წავა, თუმცა, ვიმეორებ, რომ პროგნოზი რთულია, ვინაიდან არ ვიცით, მომავალში რა მოხდება", - ამბობს ბაკურაძე.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ვითარებას. საგადასახდელო ბალანსის მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტალში, წლიურ გამოსახულებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა.

თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლეულს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერები, რამაც დადებითი როლი შეასრულა სავაჭრო დეფიციტის დაფინანსებაში. კვარტლის კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერების მოცულობამ 15,3%-ით მოიმატა - 423 მილიონ დოლარამდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიგა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10-წლიან მონაკვეთში (თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ექსპორტი სწრაფი ტემპით გაიზარდა). ეკონომისტების გათვლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებითა და სხვა წყაროებით.

როგორც ცნობილია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით და 354 მილიონ დოლარამდე, ხოლო სესხების სახით შემოდინება თითქმის 9-ჯერ აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

არჩილ ბაკურაძე განმარტავს, რომ წინა კვირას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგიონულმა კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებითა და ფინანსური სექტორის მდგრადობით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები. "საქართველოს მაჩვენებლებს რომ ვადარებდით, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში ვართ, ფაქტობრივად, კრიზისი არ შეგვხებია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016-17 წლებში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება. მჯერა, რომ 2015 წელი იყო ყველაზე მძიმე და გაისად, ფინანსური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება. ამიტომ, ყველაზე გონივრულია ახლა მოსახლეობამ დანაზოგი გააკეთოს ლარში და არა დოლარში", - ამბობს ბაკურაძე.

ლარის გამყარებას პროგნოზირებს ეკონომისტი მიხეილ დუნდუაც. მისი აზრით, ეკონომიკური ფაქტორები, რომელსაც შეიძლება უარყოფითად ემოქმედა ლარის კურსზე, ამოწურულია და ამ თვალსაზრისით ტენდენცია მხოლოდ დადებითია.

"სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულია საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ასე რომ, სავალუტო დანაკარგების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესია. გარდა ამისა, ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენცია ძალაშია, ინვესტიციების მაჩვენებელი, ტურისტული შემოსავლები გაზრდილია. ევროკავშირის მიმართულებით, წმინდა, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ", - ამბობს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს, ეს არის ეროვნული ბანკის მიმართ საბანკო სექტორის დავალიანების მაღალი მაჩვენებელი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარი.

"კომერციული ბანკების საკრედიტო კალათა უფრო მეტად ორიენტირებულია სამომხმარებლო და საიმპორტო შესყიდვების დაკრედიტებაზე, ვიდრე ადგილობრივი წარმოების დაფინანსებაზე. 700 მილიონი ლარის წმინდა დავალიანება ლარის დასტაბილურების პროცესს აფერხებს. ეს პრობლემა იმ შემთხვევაში არ იარსებებდა, თუკი კომერციული ბანკების საკრედიტო სტრუქტურაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების დაკრედიტების მაჩვენებელი იქნებოდა მაღალი, ვინაიდან ეს ფული ეკონომიკას წინ წასწევდა და ლარსაც გაამყარებდა",- ამბობს დუნდუა. მისი აზრით, კურსის სტაბილურობაზე გარკვული გავლენა მოახდინა საფინანსო საზედამხედველო სტრუქტურის გამჭვირვალობის გაზრდამ. "ჩვენ ვხედავთ რეალურ შედეგს ამ მიმართულებითაც. ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების დღიდან ლარის გაუფასურება შეჩერდა", - ამბობს დუნდუა.

საბანკო ექსპერტ გოჩა თუთბერიძის აზრით, 2,35-2,40 ლარის ახალი წონასწორული კურსი არ არის და იგი გაცილებით დაბალი იქნება. "ძალიან მკვეთრი გამყარება სასურველი არ არის და ეს პროცესი ნელა უნდა წავიდეს, რათა საპირისპირო ნეგატიური შედეგები არ მივიღოთ. ივნისში მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორები უკვე ამოწურული იყო, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, ამიტომ ვთვლი, რომ ეროვნულ ბანკს, მონეტარული ინსტრუმენტების დროულად გამოყენების შემთხვევაში, კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე გაჩერება შეეძლო. სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზეც ზოგადად, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საქმე ერთობლივად უნდა აკეთონ",- ამბობს გოჩა თუთბერიძე.

სხვათა შორის, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტმა საგარეო ვალები უნდა გაისტუმროს და ამიტომ გამყარებული ლარი მთავრობას ფულის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"